1742283259
ქალს, რომელმაც საკუთარი შვილი უნიტაზში ჩააგდო, ბრალი წაუყენეს

ფოთში, ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ დედას 34 წლის დიანა კაზნაიფეროვას ბრალი უკვე წარედგინა.
კერძოდ, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ხუთი დღის ჩვილის ცხედარი საკანალიზაციო მილში გუშინწინ ნახეს, არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და ჩვილი უნიტაზში ჩააგდო, გამოძიება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითონ ამ ქალმა, გაჭედილი მილის შესაკეთებლად, ხელოსანი გამოიძახა.
ბრალდებულის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის თქმით, გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნას თუ როდის გარდაიცვალა ახალშობილი, მანამ ვიდრე მილში ჩააგდებდნენ თუ მას შემდეგ.
„შევხვდი ბრალდებულს. მასთან შეხვედრაზე დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გაცნობებთ სამწუხაროდ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს. გეტყვით იმას, რომ ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას ახალშობილის გარდაცვალების თაობაზე და ამის შემდეგ შემიძლია ინფორმაცია უფრო ვრცლად მოგაწოდოთ", - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა "პრაიმტაიმთან“, - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.
სასამართლო სხდომა ხვალ 11 საათზე ჩატარდება.