აზერბაიჯანული მედია ღარიბაშვილზე: საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფრო მეტად პარიზის ინტერესებს ატარებდა, ვიდრე თბილისის

ღარიბაშვილი

აზერბაიჯანული მედია ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს:

საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით პოლიტიკური სკანდალი კვლავ მწვავდება. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წაუყენეს - თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე.

პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს 750 ათასი ლარი, დაახლოებით 290 ათასი დოლარი, რამდენიმე ეტაპად, ნაღდი ფულის სახით უკანონოდ გადასცა. გამოძიების ვერსიით, თანხა თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის გაზრდილ ფასად შესყიდვის მიზნით ტენდერის ორგანიზებას უკავშირდებოდა.

ოპოზიციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული კორუფციის ახალი ფაქტების გასაჯაროება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა პრემიერმა ღია წერილები გამოაქვეყნა და ხელისუფლება მის პოლიტიკაში დაბრუნების ხელშეშლის მიზნით დევნაში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფიისა და წარსული საქმიანობის გათვალისწინებით, სტატიის ავტორი ვარაუდობს, თუ რა ძალები ცდილობდნენ ყოფილი პრემიერის დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას.

საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პროფრანგულად განწყობილ ქართველ პოლიტიკოსად არის მოხსენიებული. ის არა მხოლოდ საფრანგეთში სწავლობდა, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სტატიის ავტორის შეფასებით, ატარებდა პოლიტიკას, რომელიც უფრო მეტად პარიზის, ვიდრე თბილისის ინტერესებს შეესაბამებოდა. ავტორის მტკიცებით, ამ პოლიტიკის შესაძლო საფრთხეების სრულად შეფასება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის მხოლოდ ახლა ხდება შესაძლებელი.

2020 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მისი უწყების ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 25 მილიონი დოლარით შეამცირა. ავტორის შეფასებით, სახელმწიფო სახსრების ეკონომია დადებითად შეიძლებოდა შეფასებულიყო, რომ არა მიზეზები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა და ის შესაძლო საფრთხეები, რომლებიც მას ახლდა.

საქმე ისაა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაცია აქტიურად დაიწყო. 2015 წელს საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე შეთანხმება შედგა და კონტრაქტი ევროპაში სარაკეტო სისტემების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელ კომპანია MBDA-სთან გაფორმდა. ამის შემდეგ, სტატიის ავტორის მტკიცებით, ფრანგული მხარე სხვადასხვა მიზეზით კონტრაქტის შესრულებას აჭიანურებდა. 2018 წელს გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების ვადა 2020 წლამდე გახანგრძლივდა. ავტორის შეფასებით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთი საქართველოს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებას მიზანმიმართულად აფერხებდა — თავად არ აწვდიდა სისტემებს და, ამავდროულად, სხვა მომწოდებლებთან შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობასაც ზღუდავდა.

2020 წელი საბოლოო ვადად განიხილებოდა, როდესაც ფრანგული სისტემები საქართველოს უნდა მიეღო და ისინი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემაში სრულად უნდა ინტეგრირებულიყო. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ეს არ მოხდა. ფრანგულმა მხარემ მიწოდების შეფერხება კორონავირუსის პანდემიით ახსნა, რასაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ შეწინააღმდეგებია. ამასთან, თანხები არც სხვა მომწოდებლებისგან საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მოდერნიზაციაზე დახარჯულა. თანხები „დაიზოგა“, ხოლო საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღება 2021 წლისთვის გადაიდო.

2015 წელს საფრანგეთიდან საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე შეთანხმება შედგა, თუმცა სტატიის ავტორის მტკიცებით, კონტრაქტის შესრულება ფრანგული მხარის მიერ სხვადასხვა მიზეზით ჭიანურდებოდა.

სტატიის თანახმად, სწორედ 2020 წელს საქართველოს წინაშე სამხედრო შეჭრის სერიოზული საფრთხე გაჩნდა. დღეს რუსეთისა და სომხეთის თანამშრომლობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში ფაქტობრივად შეწყვეტილია. თუმცა 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის მეორე ომის დროს, სტატიის ავტორის მტკიცებით, როგორც ერევანში, ისე პარიზში არსებობდა მოლოდინი, რომ მოსკოვი „ОДКБ-ს ფარგლებში მოკავშირეობრივ ვალდებულებებს შეასრულებდა“ და სომხეთის მხარეს ომში ჩაერთვებოდა, მათ შორის საქართველოს გავლით „სამხედრო დერეფნის“ შექმნის გზით. ავტორის შეფასებით, საქართველოს სუსტი საჰაერო თავდაცვა მსგავსი სცენარის განხორციელების რისკს ზრდიდა. სტატიაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმიის მიერ ყარაბაღში სომხური ძალების სწრაფმა დამარცხებამ საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის კატასტროფული სცენარის განვითარება თავიდან აიცილა.

მას შემდეგ, რაც 2021 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა და პრემიერ-მინისტრი გახდა, მას საფრანგეთისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების კონტრაქტის შეფერხების გამო პრეტენზია არ წაუყენებია. პირიქით, თბილისსა და პარიზს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. 2021-2023 წლების პარტნიორობის ახალი შეთანხმების ფარგლებში საქართველომ სამი წლის განმავლობაში საფრანგეთისგან 483 მილიონი ევროს დახმარება მიიღო. თუმცა სტატიის ავტორი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკის შედეგად ამ დახმარების სანაცვლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო ნაბიჯების გადადგმა მოუწია. ამ კონტექსტში ავტორი 2023 წლის ბოლოს საფრანგეთიდან სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით Bastion-ის ტიპის ჯავშანტექნიკის ტრანზიტთან დაკავშირებულ სკანდალს იხსენებს.

საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ ყველაზე პროფრანგულად განწყობილ ქართველ პოლიტიკოსად არის მოხსენიებული.

სტატიის ავტორის შეფასებით, ღარიბაშვილის პროფრანგული პოლიტიკა „ქართულ ოცნებას“ არ დახმარებია. პირიქით, ავტორი ამტკიცებს, რომ სწორედ პარიზმა დაუჭირა მხარი რადიკალურ ოპოზიციასა და 2024-2025 წლებში საქართველოში „რევოლუციური“ გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე დაყრდნობით, სტატიაში აღნიშნულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც „აქციის მონაწილეებთან დიალოგს“ ემხრობოდა. ავტორის შეფასებით, ეს ხდებოდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილები“ გამოიყენა. სტატიაში ასევე მკვეთრად არის გაკრიტიკებული სალომე ზურაბიშვილის როლი საპროტესტო პროცესებში. ავტორი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი იმ ვითარებაში მძიმე შედეგებს გამოიწვევდა და არეულობის აღსაკვეთად ხელისუფლების მხრიდან მკაცრი ზომების მიღება იყო საჭირო. ამავე შეფასებით, საპროტესტო აქციების დროს ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ შიგნით საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი „რევოლუციონერების“ ინტერესების გამტარად მოქმედებდა.

სტატიის დასკვნით ნაწილში ავტორი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ მრავალდონიან კორუფციულ სქემებს ქმნიდა, არამედ, როგორც პოლიტიკოსი, ისეთ ნაბიჯებსაც დგამდა, რომლებსაც საქართველო შესაძლოა მძიმე საფრთხის წინაშე დაეყენებინა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე ხუთწლიან სასჯელს იხდის. ახალი ბრალდება, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიღებას ეხება, მას დამატებით 11-დან 15 წლამდე პატიმრობას უქადის. სტატიის ავტორის შეფასებით, ასეთ კორუფციულ ქმედებებში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის პოლიტიკაში დაბრუნება უკიდურესად უცნაური იქნებოდა.