პროკურორებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ხობში, სენაკსა და ფოთში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

პროკურატურა

ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს, ფოთის მე-2, მე-11 და მე-15 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პროკურორებმა ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევების შესახებ და დაზარალებულთა საჭიროებაზე მორგებულ მიდგომებზე ისაუბრეს.

ღონისძიებებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. ასევე ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევაა საჭირო.

შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.