UFC-ის ჩემპიონი ალექს პერეირა კრივში გადასვლას და ოლექსანდრ უსიკთან ბრძოლას განიხილავს

UFC-ის ჩემპიონი

UFC-ის ქვემძიმე წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ბრაზილიელმა ალექს პერეირამ UFC 313-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და კრივის მატჩში მონაწილეობის მიღებაც არ გამორიცხა.

UFC 313-ზე, 9 მარტს პერეირა ქვემძიმე წონის საჩემპიონო ქამრის შესანარჩუნებლად რუსეთის სახელით გამომსვლელ მაგომედ ანკალაევს შეხვდება.

როგორც ბრაზილიელი ამბობს, ანკალაევთან შეხვედრის შემდეგ ის სამი შესაძლო ოპონენტიდან ერთ-ერთს შეხვდება – დრიკუს დუ პლესის, ჯონ ჯონსს ან ოლექსანდრ უსიკს.

„მომავალთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სამიდან ერთ-ერთთან შესაძლო ბრძოლას განვიხილავ – დრიკუს დუ პლესისთან, ჯონ ჯონსთან ან კრივში ოლექსანდრ უსიკთან“, – განაცხადა პერეირამ.
დრიკუს დუ პლესისი UFC-ის საშუალო წონითი კეტეგორიის სამხრეთაფრიკელი ჩემპიონია. ამ წონაში პერეირა წარსულში უკვე გახლდათ ჩემპიონი, ტიტული მან ისრაელ ადესანიას ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

ჯონ ჯონსი MMA-ის სამყაროში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება. ის ამჟამად მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონია. უკანასკნელად ჯონსმა სტიპე მიოჩიჩი დაამარცხა.

რაც შეეხება ოლექსანდრ უსიკს, 37 წლის უკრაინელი კრივში მძიმე წონის ჩემპიონია, მას კარიერაში მარცხი არ აქვს, ხოლო 2024 წელს ორჯერ ბრიტანელ ტაისონ ფიურის მოუგო.

რაც შეეხება 37 წლის ალექს პერეირას, ის UFC-ში 2021 წელს გამოჩნდა. შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებულ 14 ბრძოლიდან 12 მოიგო და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. გასულ წელს ქვემძიმე წონის ქამარი მან სამჯერ დაიცვა.