მშობლები ჯერ მოკლა და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა - რა მოხდა ვაზისუბანში და რას ამბობს უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული შვილი

სამარტალი

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ  დანაშაულს სრულად აღიარებს..

„სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას“, - განაცხადა ბეროზაშვილმა  მოსამართლის კითხვაზე, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ.

საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის  განცხადებით, ბეროზაშვილს მშობლებთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა, როდესაც  მამის უკითხავად, 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში,  ნაწილი კი მისი შეხედულებისამებრ დახარჯა.

პროკურორის თქმით, მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა კონფლიქტში გადაიზარდა, აღნიშნული უთანხმოება დედის მიმართაც გავრცელდა.

როგორც ბრალდების მხარე აღნიშნავს, გიორგი ბეროზაშვილმა ცეცხლი მამის ცხედარს წაუკიდა.

გრიგოლ ბიბილაშვილის შუამდგომლობის მიხედვით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი პირადი განაწყენებისა და დაპირისპირების გამო ხდებოდა, რის გამოც, ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.