ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ წლების მანძილზე მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო მათი მოკვლა განიზრახა. უწყების ცნობით, მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას, ზ.ბ.-ს თავის არეში ესროლა.
„შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ლ.თ-ს ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად ზ.ბ და ლ.თ. ადგილზე გარდაიცვალნენ.
პროკურატურის განცხადებით, მკვლელობის შემდეგ დ.ბ.-მ კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. სამართალდამცველებმა დ.ბ. 28 აპრილს დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
დ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.