ახალი დეტალები ვაზისუბანში მომხდარ შემზარავ ტრაგედიაზე - რა თქვეს მეზობლებმა მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ

ვაზისუბანი

გუშინ, ვაზისუბნის მეოთხე მიკროში, მე-14 კორპუსში ხანძარი იყო, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფაქტს წინ მკვლელობა უძღოდა. 

შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.

ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. 

როგორც მეზობლები ,,პრაიმთაიმთან” საუბრისას ამბობენ, უჭირთ იმის დაჯერება, რომ მშობლები გიორგიმ მოკლა.

მათივე თქმით, ხანძრის დროს ბიჭი ძალიან ცუდად იყო. ტიროდა და მას დები ამშვიდებდნენ.

,,ძალიან კარგი ბიჭი იყო. მშვიდი, წყნარი. საკმაოდ, მოწესრიგებული ოჯახი. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, საშინელება მოგვიხდა. ხანძრის დროს აქ იყო, ტიროდა. დები ამშვიდებდნენ. ყველას გვიკვირს ეს ფაქტი. ისეთი ბიჭი იყო ჭიანჭველას ფეხს, რომ არ დაადგამდა. ვეჭვობთ, რომ ის ყოფილიყო”.

„ჩვეულებრივი, კარგი ოჯახი იყო.  ბიჭი - კარჩაკეტილი. მხოლოდ სახლი და სამსახური. დედას ვიცნობდი. გამორჩეული ქალი იყო. ბიჭი გუშინ ვნახე. ტიროდა. ცუდად გახდა. ეხუტებოდნენ, ამშვიდებდნენ. ამას ვერ ვიფიქრებდით. მათი ოჯახიდან არასდროს არ გაგვიგია რაიმე ზედმეტის, ან კამათის ხმა”.

 

ნახეთ ვიდეო

 

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის  ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.