მკვდარს თავი ნაჯახით მოაჭრეს და გადააგდეს – მკვლელობა, რომელმაც მთელი ქუთაისი 1990-იან წლებში შეძრა

საფლავი

1997 წელს პრეზიდენტ ედუარდ შვარდნაძის ბრძანებით ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმდა, ათობით პატიმარს კი ვადიანი სასჯელი დაუწესდა. მათ შორის აღმოჩნდა იოსებ ბაღათურიაც, რომლის მიერ ჩადენილმა მკვლელობამ 90-იანი წლების ქუთაისი შეძრა.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები უკვე მთლიანად გათავისუფლდა იმ მსჯავრდებულებისგან, რომელთაც თავის დროზე სიკვდილით დასჯა შეუფარდეს, თუმცა შევარდნაძის 1997 წლის ბრძანებამ მოუწროთ და სიკვდილის ნაცვლად, 20-წლიანი პატმრობა აკმარეს. შესაბამისად, მაქსიმუმ 2017 წლამდე უკანასკნელ სკვდილმისჯილსაც კი სასჯელის ვადა ამოეწურა.

რაც შეეხება უშუალოდ იოსებ ბაღათურიას საქმეს, „პრაიმთაიმი“ ორიოდე სიტყვით გიამბობთ ამ საზარელი მკვლელობის შესახებ:

ქუთაისელმა იოსებ ბაღათურიამ მის ყოფილ თანაკურსელ იოსებ ენუქაშვილთან ერთად 90-იან წლებში ბიზნესი წამოიწყო – ისრაელიდან „ელასტიკისგან“ დამზადებული ტანსაცმელი უნდა ჩამოეტანათ და ბათუმში გაეყიდათ. იმ პერიოდში ეს საკმაოდ სარფიან ბიზნესად გამოიყურებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბაღათურიამ აღმოაჩინა, რომ მის პარტნიორს რამდენიმე ათასი დოლარი გააჩნდა, მას კი ბიზნესში ბანკიდან გამოტანილი ფული ჰქონდა ჩადებული, გადაწყვიტა ენუქაშვილის გატაცება და ფულის გამოძალვა.

იოსებ ბაღათურიამ თანამზრახველებთან – ვარლამ ძოწენიძესთან, არსენ გიორგაძესთან და ალექსანდრე ჩინჩალაძესთან (საკუთარუ დისშვილი) ერთად შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა გაეტაცებინათ იოსებ ენუქაშვილი, მოიეთხოვათ მისგან 100 ათასი დოლარი, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი უნდა მოეკლათ.

აღნიშნულმა ჯგუფმა ენუქაშვილი მოტყუებით ჩაისვა მანქანაში, გაკოჭეს და წინასწარ გამზადებული ბავშვის მაისური (ბაღათურიას ტრიკოტაჟის სამკერვალო ჰქონდა გახსნილი, სადაც ბავშვის ტანსაცმელი იკერებოდა) თავზე გადააცვეს.

გამტაცებლებმა ენუქაშვილი ქუთაისის სასაფლაოსკენ წაიყვანეს, ადგილზე მისულებმა ძირს გადმოათრიეს, წიხლებით სცემეს და 100 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვეს. როდესაც გამტაცებლები მიხვდნენ, რომ დროს ტყუილად კარგავდნენ, ვინაიდან ენუქაშვილი ამხელა ფულის გადახდას ფიზიკურად ვერ შეძლებდა, გატაცებულს გადაჭრილი სანადირო თოფიდან ესროლეს, ერთ-ერთი ტყვია მას ზურგის არეში მოიხვდა, რის შემდეგაც ფერდობზე დაგორდა. ბაღათურია დაჭრილს ჩაჰყვა და საკონტროლო ტყვიაც ესროლა.

იოსებ ალექსანდრეს ძე ბაღათურია, დაბადებული 1955 წელს, მცხოვრები ქ. ქუთაისში… საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 3 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა შეეცვალოს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მეორე დღეს ბაღათურია, როგორც ოჯახის ახლობელი, ენუქაშვილებთან ჩვეულებრივ, ვითომ მოსაკითად მივიდა. დარწმუნდა რა, რომ ოჯახს გატაცების შესახებ ეჭვი არ გააჩნდა, გადაწყვიტა ფული უშუალოდ მათთვის გამოეძალა.

ბაღათურიას სტუმრობიდან მეორე დღეს ენუქაშვილებმა კართან მუქარის წერილი იპოვეს. მათ 50 ათასი დოლარის გადახდას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არწმუნებდნენ, რომ იოსებ ენუქაშვილს მოკლავდნენ, ეს მაშინ, როცა ის უკვე ორი დღის მოკლული ჰყავდათ. ტელეფონზე დაუკავშირდნენ იაკობ ენუქაშვილს (მოკლულის მამას) და საბოლოოდ, გამტაცებლები უკვე 3000 დოლარზეც თანხმობას აცხადებდნენ.

რამდენიმე დღესი ბაღათურიას თბილისიდან დისშვილი ესტუმრა. ბიძამ ის იმ დღესვე საქმის კურსში ჩააყენა, რადგან ერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ იჩინა თავი – გვამის პოვნის შემხთვევაში მის თავზე ჩამოცმული ბავშვის მაისური ბაღათურიასკენ მიმართავდა ეჭვს, ამიტომ მან დისშვილს, ვარლამ ძოწენიძესთან ერთად სთხოვა, რომ წასულიყვნენ მკვლელობის ადგილზე და გვამი მიწაში ჩაეფლოთ.

ადგილზე მისულებმა ნახესმ, რომ ცხედარს გახრწნა დაეწყო, ამიტომ თავზე ჩამოცმული მაისური ვერ შემოაცალეს და ასეთი გამოსავალი ნახეს: მკვდარს თავი ნაჯახით მოაჭრეს, დაჩეხეს და მოშორებით გადააგდეს.

შეპირებული 3000 დოლარის გადასაცემად ბაღათურიამ იაკობ ენუქაშვილი (მოკლულის მამა) გელათის ქუჩაზე, მე-8 სკოლასთან დაიბარა, თუმცა, როგორც ჩანს, ყველა დეტალი ვერ გათვალი.

იოსებ ბაღათურია თანამზრახველებთან ერთად დააპატიმრეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1995 წლის 3 მარტს, უზენაესმა სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა შეუფარდა, თუმცა სასჯელი 1997 წელს 20-წლიანი პატიმრობით შეეცვალა.