"მიპასუხოს მოსამართლემ, რატომ გამოუშვა ის გარეწარი"- თელავში მოკლული გოგონას დედა

მკვლელობა

თელავში განსაკუთრებული სისასტიკით  მოკლული  26 წლის  ქალის დედა მოსამართლეს, რომელმაც მკვლელობის ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს რომ რომ არა მოსამართლის გადაწყვეტილება მისი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

როგორც ლელა ფირანიშვილი მედიასთან საუბარში  აცხადებს,  მოსამართლისთვის ცნობილი იყო ყველა იმ ძალადობრივი ქმედებების

შესახებ, რომელსაც მამაკაცი მისი შვილის  მიმართ ახორციელებდა, თუმცა მან ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

,,მოსამართლეს არანაირად არ უნდა გამოეშვა ის გარეწარი, მით უმეტეს, მე რომ მივედი დაკითხვაზე ეს ფაქტები, ყველაფერი გადავშალე, იმ რისკზეც მივდიოდი, რომ ბავშვი მიმეყვანა და ბავშვიც მელაპარაკებინა ოღონდ ის მკვლელი გარეთ არ ყოფილიყო. პირველ რიგში, იმას დავუსვამდი კითხვას, გირაო რატომ აიღო და რატომ გამოაშვებინა ციხიდან, რატომ დაუშვა ეს ყველაფერი, ის  რომ ცოტა ხანს იქ ყოფილიყო, ეს ცოცხალი იქნებოდა.ეს უბედური იძახდა, დე ის რომ არ გამოვიდესო... თავის ბავშვებით საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას... ის რომ გამოვიდეს, მე საქართველოში არ დავხვდებიო“, - ამბობს  ლელა ფირანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა  პოლიციის მიერ დაკავებული ცოლზე მოძალადე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გათავისუფლებულმა მოძალადემ რამდენიმე დღეში მეუღლეს თელავში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.