პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მამაკაცი მის შვილზე 6 თვის განმავლობაში ძალადობდა, ბოლოს კი თავად მასაც შეეხო ხელით.
„3 ოქტომბერს ჩემმა შვილმა მომწერა, მომხედე, მკლავსო. გავიქეცი მაშინვე. ჩემი შვილიშვილი ისეთი შეშინებული დამხვდა, უნებლიე შარდვა დაემართა. სხვა დროს თავს იკავებდა-ხოლმე ჩემი თანდასწრებით, ახლა მეც დამარტყა. სახლიდან გავაძევეთ, კარი გადავკეტეთ და პოლიციაში ჩემმა შვილმა დარეკა. დაკავებულიც იყო, მაგრამ იმდენი ქნეს, ჩემს შვილს, რაც უნდოდათ ათქმევინეს და გირაოთი გამოუშვეს. ემუქრებოდა, მოსიარულე გვამი ხარო და მაინც აუსრულა, რასაც დაჰპირდა.
დღეს უფროსი გოგო მოვიდა, ჩქარა გვიშველეთო, წლინახევრის ბავშვი იქ დარჩა და უყურა ყველაფერს. სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, თორემ ბავშვებსაც დამიხოცავს, ჩამოყალიბებული მკვლელია“, - ამბობს გარდაცვლილის დედა.
მკვლელობა თელავში დღეს მოხდა. მამაკაცმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მარიამ გამტკიცულაშვილი ჯერ სცემა, მერე კი დანით მოკლა.
2000 წელს დაბადებული პირი პოლიციამ დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულს, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.