კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა

ვივამედი

კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა.

როგორც ირკვევა, უწყების წარმომადგენელი სამედიცინო დაწესებულებაში ტოქსიკოლოგიური კვლევის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პოზიციის მოსასმენად და ნიმუშების ასაღებადაა.

„როგორც ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩაუტარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება, ჩაუტარდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა“,- განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ახლა კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის პოზიციის მოსასმენად იმყოფება

„საქმეზე ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დანიშნულია კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზები. ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, ადვოკატირების მოქმედების საფუძველზე დავნიშნეთ დამატებითი ექსპერტიზები. არც ადვოკატების მხრიდან, რომლებიც გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე არიან ჩართულნი გამოძიების პროცესში, ფაქტობრივად, ეცნობოდნენ საქმის მასალებს, არ გაჟღერებულა, რომ შესაძლოა, რაიმე უცხო სხეული ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა თავდაპირველად არ დანიშნულა და ეს არასწორი განცხადებაა, რომელიც გაკეთდა იმიტომ, რომ საქმის მასალებსა და დადგენილებას ადვოკატები გაეცნენ და ჩვენთვის უცნობია, რატომ გამოიტანეს ეს დასკვნა. ადვოკატები ყველა ექსპერტიზის დადგენილებას გაეცნენ. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ. დღეს პოზიციის და შესაბამისი ნიმუშების აღების მიზნით მოვედით. შესაბამისი ნიმუშის აღების მერე უნდა გადაწყდეს ექსპერტიზის ჩატარება“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი.