„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს...“ - იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულყოფილად არ იტარებს. მისი ქცევიდან მომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკების მინიმიზაციის მიზნით, მას სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესთავაზა მრავალპროფილურ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც გამომდინარეობს იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ეკიდება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სამედიცინო ღონისძიებების განხორციელებას ესაჭიროება პირის ინფორმირებული თანხმობა, რომლის ნაცვლადაც საზოგადოებამ იხილა ულტიმატუმის ტოლფასი პირობადებული თანხმობა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს და იქ მომუშავე მედპერსონალს, რომელიც ყოველთვის იცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს მისი ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული, შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად, 24 საათის განმავლობაში ატარებენ მრავალ ღონისძიებას პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ამ ორი სიკეთის გონივრული ბალანსის საფუძველზე.

მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.