ვინ არის აზოვის მცველი გოგონა, რომლის ვიდეოებმაც სოციალური ქსელი მოიცვა

კატარინა

გამბედაობისა და გმირობის სიმბოლო - ასე უწოდებენ მარიუპოლს. ქალაქს, რომელიც 2 თვეა, რაც რუსი ოკუპანტების მთავარი სამიზნეა.

Ми врятуємо Маріуполь ანუ ჩვენ გადავარჩენთ მარიუპოლს - ამ სიტყვებს 76-ე დღეა ლოცვასავით იმეორებენ აზოვსტალის მცველები, რომელთა სიმამაცემ და ბრძოლამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ისინი ყოველ წამს ამტკიცებენ იმას, რომ როცა მთავარი მიზანი სამშობლოს ოკუპაციისაგან დაცვაა, იქ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ერთ-ერთი აზოვის მცველის, პატარა გოგონას  ვიდეოები, რომელიც თანამემამულეების გამხნევებას სიმღერით ცდილობს. ამის გამო საზოგადოებამ მას „მარიუპოლის მომღერალი ჩიტიც კი უწოდა“.

 

სიმღერა „აზოვსტალის“ თავშესაფარში

 

Daily Mail-ის ცნობით, გოგონა 21 წლის კატერინაა. ის წარმოშობით ქალაქ სოსნოვკადანაა. კატერინა ხელოვნების სიყვარულით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა - წერდა სიმღერებს, გამოდიოდა კონცერტებზე.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ კატერინა საცხოვრებლად კიევში გადავიდა და მუშაობა მოტოციკლეტების მაღაზიაში დაიწყო. მასწავლებლები მას წარმატებულ მუსიკალურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა კატერინამ სულ სხვა გზა აირჩა და სცენას ფრონტი ამჯობინა.

უკრაინულ არმიას ის გასულ წელს შეუერთდა. მშობლებს დიდი ხნის მანძილზე არ უმხელდა, რომ სამხედრო იყო.

ომის დაწყების პირველივე დღიდან კატერინა მარიუპოლში წავიდა და აზოვსტალის მცველი გახდა.

„კატერინა ძალიან ძლიერი ადამიანია. ის ნამდვილი მეომარია, რომელიც სამშობლოს დასაცავად ყველაფერს აკეთებს",- ასე ახასიათებენ 21 წლის გოგონას მეგობრები.