გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
სიცრუის დეტექტორი საქართველოში ახალი ხილია და ბევრმა არც კი იცის, რომ არსებობს საშუალება, სიმართლე მარტივად დადგინო.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, სიცრუის დეტექტორის ცენტრის დამფუძნებლებმა და პოლიგრაფოლოგებმა, ნინო ბერელაშვილმა და პაატა ხვედელიძემ თქვეს, ისინი 2014 წლიდან აქტიურად იყენებენ პრაქტიკაში პოლიგრაფს. აღმოჩნდა, რომ სიცრუის დეტექტორზე მუშაობას სპეციფიკური განათლება არ სჭირდება და სპეციალური კურსის გავლის შემდეგ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, აითვისოს.
გთავაზობთა ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:
- ერთ ოჯახში დაიკარგა ფული. ორი შვილიდან ერთზე ჰქონდათ ეჭვი, თუმცა ჩვენი დასკვნით ქურდი აღმოჩნდა მეორე. მშობლები ძალიან გაკვირდნენ, - დაუჯერებელიაო. ვუთხარით, რომ ე.წ. დამნაშავისთვის ეთქვათ პოლიგრაფის ტესტის შედეგი. მას უთქვამს, მე არ ამიღია და ოდესმე გაირკვევა, რომ ფული თქვენ თვითონ შეინახეთ ისეთ ადგილზე, რომ არ გახსოვთო და რამდენიმე დღეში აღმოაჩინეს ის თანხა. თავად დააბრუნა უკან.
იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომელმა სახლიდან დაკარგა 25 000 დოლარად შეფასებული საათი. ოჯახში ჰყავდათ ძიძა, დამლაგებელი, მძღოლი და მასაჟისტი. ეჭვი მიიტანეს მასაჟისტზე, ვინაიდან ის შედარებით ახალი დაქირავებული ჰყავდათ, ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც წარსულში გახლდათ ნასამართლევი და იმ დროისთვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. თუმცა, მათი ვარაუდი არ გამართლდა და ჩვენ მიერ ჩატარებული ტესტირებით დადგინდა, რომ დამნაშავე იყო ძიძა. ქალმა უარყო ყველაფერი, საჩივარიც კი დაწერა ჩვენ წინააღმდეგ, - მაბრალებენო. მაგრამ მერე გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ მისი წაღებული იყო საათი, რომელსაც ერთ-ერთ ლომბარდში მიაგნეს. ლომბარდიდან საათი პატრონმა გამოისყიდა, ძიძას კი გასამართლდა და პატიმრობა მიესაჯა.
იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთი კომპანიიდან ძალიან დიდი ფულის გადინება მოხდა. თანხის დასახელებაც რომ შეგეშინდება, იმხელა ფულზეა ლაპარაკი. დავადგინეთ, რომ ის ადამიანი იპარავდა ფულს, ვისაც სპეციალური პროგრამა დააწერინეს. არა და, ამ პროგრამისტს ძალზე ენდობოდნენ. მან პროგრამა ისე დაწერა, რომ ერთი წელი ჩვეულებრივად იმუშავა, ერთი წლის შემდეგ ფულის გადაქაჩვა ავტომატურად დაიწყო.
კიდევ ერთ შემთხვევას მოგიყვებით: 51 წლის ქალი იყო თურქეთში, ემიგრანტად და საქართველოში მცხოვრები ქმარი ეჭვობდა, რომ ცოლი ღალატობდა. ჩამოიყვანა ცოლი საქართველოში, მოიყვანა ჩვენთან შესამოწმებლად და დადგინდა, რომ ქალი არ ღალატობდა. სხვათა შორის, ქმარმა ჩვენი თანდასწრებით ბოდიში მოუხადა და ერთმანეთს გადაეხვივნენ. ჩვენც ვტიროდით და ისინიც.
ნინო ბერელაშვილი:
- ასეთი შემთხვევები წინათ მეტი იყო, ახლა ასეთ საქმეს ხელს არ ვკიდებთ. ძირითადად უსაფუძვლო ეჭვები აქვთ ხოლმე. მარტო დეკემბრის თვეში 6 ასეთი ადამიანი მოვიდა, რომელსაც ცოლის ერთგულების შემოწმება სურდა და ძალიან გვთხოვდნენ, რომ გაგვეტარებინა სიცრუის დეტექტორზე. ვუხსნიდით, რომ ეს მათ ოჯახურ ცხოვრებაზე ცუდად აისახებოდა. ბევრი ქალი დათანხმდება ქმარს, გაივლის ტესტირებას, მაგრამ ამის შემდეგ ოჯახს დაანგრევს, რადგან თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს. თუმცა, ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ პოლიგრაფზე დამტკიცებული ერთგულების მერე წყვილის ცხოვრება უკეთესად წარმართულა.