გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
უკრაინამ ევროპისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, კრიმინალთან ბრძოლა რადიკალური ზომებით გადაწყვიტა. ახალი კანონებით, კრიმინალური იერარქიის სათავეში ყოფნა მომგებიანი აღარ არის. – ამბობს „დოიჩე ველესთან” საუბარისას ექსპერტი ორგანიზებული დანაშაულის საკითხებში მარკ გალეოტი.
„უკრაინაში განხორციელებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა, მეზობელი ქვეყნების ყურადღებაც მიიპყრო. „კანონიერი ქურდების” და „კრიმინალური სამყაროს” წევრების სიაში 600 ადამიანია შეყვანილი, რომელთაც უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრება და ნებისმიერი სახის საქმიანობა აეკრძალათ. სიაში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდებიც მოხვდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სამართალდამცავები კრიმინალს ებრძვიან, უფლებადამცველები, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები.
ბრიტანელი პროფესორის და რუსულ მაფიაზე დაწერილი წიგნის (ქურდები: რუსული სუპერმაფია) ავტორის, მარკ გალეოტის თქმით, კონტინენტურ ევროპაშიც და ოკეანის მიღმაც არსებობს ქვეყნები, რომელთაც კრიმინალურ დაჯგუფებების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღეს, მაგრამ ამის პარალელურად სხვა კანონები არ დაურღვევიათ.
მან ასეთ ქვეყნებად იტალია და აშშ დაასახელა, რომლებშიც მისი თქმით, კრიმინალური დაჯგუფების ლიდერებთან ბრძოლის საკმაოდ მკაცრი კანონები მოქმედებს. ასევე, ექსპერტმა „კრიმინალური სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გამოყენების კუთხით საქართველოზეც ილაპარაკა:
„ასეთივე სანქციები თავის დროზე საქართველოშიც დააწესეს. ქვეყანა დეპორტაციას უკეთებდა „კანონიერ ქურდებს”, ქვეყნიდან დევნიდა მათ, ვისი დაკავებაც არ შეეძლო” – ამბობს „დოიჩე ველესთან” გალიოტი.
„დოიჩე ველეს” ჟურნალისტის კითხვა
– თქვენ საქართველო ახსენეთ, სადაც „კრიმინალური სამყაროს” წევრობასა და „კანონიერ- ქურდების” შესახებ კანონი პირველებმა მიიღეს. მოგვიანებით სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი ცვლილებები შეიტანეს რუსეთში, ახლა კი იგივე ნაბიჯის გადადგმა სცადეს უკრაინაშიც. არის თუ არა ეს „კანონიერ ქურდებთან” ბრძოლის კიდევ ერთი ახალი ეტაპი, რომელიც უკვე ათწლეულია მიმდინარეობს?
(რედ: საქართველოში ქურდული სამყაროს“ წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. „კანონიერი ქურდობა“ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ)
– დიახ, ომი ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „კანონიერი ქურდები” ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში მარტივ სამიზნედ იქცნენ, ვინაიდან მათი იდენტიფიცირება ძალიან იოლია ე.წ კოდექსის, ტატუირებისა და ქცევების მიხედვით.
მეორე მხრივ, ეს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან კრიმინალთან ბრძოლის თანმიმდევრული მიდგომების შედეგია. თუ კარგად დააკვირდებით უკრაინაში შედგენილი კრიმინალების სიას, ნახავთ, რომ უმეტესობა მათგანი უცხოელია. იქ ან ქართველები არიან, ან სომხები. მას შემდეგ, რაც ისინი საკუთარი ქვეყნიდან გააძევეს, უკრაინაში ჩავიდნენ საცხოვრებლად. ლოგიკურია, რომ უკრაინის სამართალდამცავებმა მათი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. რაც მათ (კრიმინალებს) მუდმივად ადგილსამყოფელის შეცვლას აიძულებს.
„დოიჩე ველეს” ჟურნალისტის კითხვა:
„კანონიერი ქურდების“ დევნის მიზეზები საქართველოში უფრო აშკარად იყო გამოკვეთილი, სადაც 30 წლის წინ საზოგადოებაში მათი ავტორიტეტი ნამდვილ კულტურულ ფენომენად იქცა… ასევე რუსეთში, სადაც სასჯელის მოხდის დაწესებულება კრიმინალის სახლად იქცა. საიდანაც მომდინარეობს კიდეც მთელი ეს სუბკულტურა. რამდენად საშიშია „ქურდები“ სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით დასავლური სამყაროსთვის?
– უნდა აღინიშნოს, რომ თავად „ქურდული“ სკულბტურა არ არის იგივე, რაც 20-30 წლის წინ იყო. ძველი „გაგება“ და „ცნებები“ მნიშვნელოვნად შეიცვალა და ტრანსფორმირდა. ბევრი მათგანი, ვინც საკუთარ თავს „კანონიერ ქურდს“ უწოდებს ძალიან შორსაა ე.წ ძველი სკოლისგან. ისინი ამ „ტიტულს“ უკვე სხვა გზებით იღებენ – მეგობრებისგან, ბიზნეს პარტნიორებისგან და ხშირად ციხეების გარეთაც.
მაგრამ ის, რასაც ტრადიციულად „რუსულ კრიმინალს“ უწოდებენ, პოსტსაბჭოთა სივრციდან გაცილებით შორს ოპერირებს და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მიიჩნევენ “კანონიერ ქურდებს” საერთაშორისო საფრთხედ.
კიდევ ერთი მათი მახასიათებელი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაა, პირველ რიგში და უმეტეს შემთხვევაში ეს რუსული პოლიტიკის ტენდენციაა, მაგრამ არა მხოლოდ. უკრაინაში მათ წინააღმდეგ კანონების გამკაცრების ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის.
მართალია, მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ქვეყნები, რომლებიც „კრიმინალური ავტორიტეტებისთვის“ კომფორტულ ზონად რჩება, რადგანაც ასეთ ქვეყნებში მათ კრიმინალურ წარსულს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. მაგალითად თუ ნახავთ რუსული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ სანქციების ამერიკულ ჩამონათვალს, შეამჩნევთ, რომ რამდენიმე პირი რეგისტრირებულია დუბაიში. როგორც ჩანს, აქ მათ წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არის გატარებული სანქციები.
თუმცა, ვფიქრობ, რომ „კანონიერი ქურდები“ როგორც მოვლენა, დასასრულს უახლოვდება. ეს სტატუსი მომგებიანი აღარაა, ის მეტწილად უკვე პრობლემებს უქმნის ამ სტატუსის მატარებელს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მე არ ვსაუბრობ ორგანიზებული დანაშაულის დასასრულზე, არამედ საუბარია „კანონიერი ქურდის“ როგორც ერთგვარი ბრენდის მზის ჩასვენებაზე.
ნამდვილი კრიმინალური ბაზარი ე.წ კანონიერი ქურდებისთვის იხურება – ამბობს ბრიტანელი ექსპერტი მარკ გალეოტი „დოიჩე ველესთან“