„იქ დახვდა მამაკაცი...თქვა, რომ ფსიქოლოგი იყო“- რას იხსენებს ბასილაშვილის დედა

ბასილაშვილი

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია სასამართლოს ჩვენებას აძლევს.

ბასილაშვილის დედა 2019 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდს იხსენებს, რა დროსაც ნელი დოროყაშვილმა ყოფილ ქმარს გვიან ღამით დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა, რადგან ბავშვი დაეძინებინა.  ნაჭყებიას თქმით, მსგავსს პროცესებში მამა ჩართული არ იყო.

„თავდაცვის მიზნით, გამოიძახეს პატრული, რადგან მათი მეშვეობით მისულიყო ადგილზე. პატრული მოვიდა ავჭალაში, სადაც ვიყავით, ნიკამ რომ აუხსნა სიტუაცია, თქვეს, რომ ვაკის პატრული უნდა გამოგვეძახებინა. ნიკა და ჩემი სიძე მივიდნენ, პატრულიც იქ დახვდა.

როგორც შემდეგ ჩემმა სიძემ მიამბო, კარი რომ გაიღო, დახვდათ ასეთი სიტუაცია: სასტუმრო ოთახში ჭურჭელი იყო დამსხვრეული, ბავშვს არ ეძინა. ჭურჭელი როცა ტყდება და სახლში ბავშვია, პირველი რეაქცია არის მშობლის ის, რომ აიღოს, რადგან ბავშვმა თავი არ დაიზიანოს. გამორიცხულია, სხვა რამეზე იფიქროს მშობელმა. ამ დროს ბავშვი დარბოდა. 

იქ დახვდა მამაკაცი, რომელიც როგორც მითხრეს, ეს იყო ფსიქოლოგი გამოძახებით. ნიკა საქართველოში არ ცხოვრობს და ნებისმიერი მიწოდებული ინფორმაცია მისთვის ჭეშმარიტებაა. მეუღლემ უთხრა, ბავშვი ვერ დავაძინე და იძულებული გავხდი, გამომეძახებინა ფსიქოლოგიო. ნიკას ავუხსენი, რომ მსგავსი მომსახურება საქართველოში არ არსებობს, მხოლოდ სასწრაფოს გამოძახებაა შესაძლებელი. 

როგორც შემდეგ ნიკამ მიამბო, ამ ბიჭმა უთხრა, რომ ლუკასის ფსიქოლოგი იყო და ლუკასთან დამოკიდებულებაზე, ბავშვის აღზრდაზე პროფესიული რჩევები მისცა. მაშინ ნიკამ სახელი და გვარი მითხრა, დამაინტერესა და დავგუგლე, მსგავსი არაფერი მოიძია. ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ბიჭი ცრუობდა. გასაგები გახდა, რატომ იყო ნიკა მისული და რატომ იყო ჭურჭელი დამსხვრეული. ამის შემდეგ ადვოკატებმა ნიკას უთხრეს, რომ ბავშვის სანახავად მარტო არ წასულიყო“ - იხსენებს ნატალია ნაჭყებია.