პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
1760112119
იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დააკავა? - „პრაიმ ტაიმისთვის“ ცნობილი ხდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ქემოკლიძის დიდძალი ქონების და მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე საინტერესო დეტალის შესახებ.
როგორც ცნობილია, 2007 წელს, ქემოკლიძე შსს-ში, სოდ-ის იმდროინდელი მაღალჩინოსნის, დევი ჭელიძის რეკომენდაციით დაინიშნა და მისი ახლო გარემოცვის წევრად ითვლეობდა. წლების განმავლობაში, ის უწყებაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
ჩვენთვის ცნობილი ხდება 2013 წელს ქემოკლიძის შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოსვლის მიზეზიც: როგორც წყარო გვიყვება, 2013 წელს გიორგი ქემოკლიძის უშუალო ჩარევით დაიფარა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მისი მეუღლის, ელზა ბეგოიძის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტი, რომელიც რამდენიმე ნივთის მოპარვას ცდილობდა. ცნობილია, რომ ქემოკლიძემ აღნიშნული ფაქტის გამო სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკიც დაწერა, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა, მოგვიანებით, მან მაინც დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების სამინისტროში გადავიდა.
2013 წლიდან 2025 წლამდე, გიორგი ქემოკლიძე სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, სხვადასხვა პოზიციაზე განაგრძობდა მუშაობას, მათ შორის, 2019-2025 წლებში პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2025 წლის 21 აგვისტოს მან დაკავებული თანამდებობა დატოვა.
საინტერესოა გიორგი ქემოკლიძის ფინანსური მდგომარეობა: 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მას დაფიქსირებული აქვს ანაბარი „საქართველოს ბანკში“ 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. 2015 და 2016 წლებში შევსებულ დეკლარაციაში უფიქსირდება ამავე ბანკში 200 000 აშშ დოლარი ანაბარი. 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი, „საქართველოს ბანკში“ 150 000 აშშ დოლარი, ხოლო, „ქართუ ბანკში“ - 200 000 აშშ დოლარი. 2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ქემოკლიძეს უფიქსირდებოდა „საქართველოს ბანკში“ 150000 აშშ დოლარის და 30 000 ლარის ოდენობით ანაბარი, ასევე, „ქართუ ბანკში“ 200 000 აშშ დოლარი. 2019 წელს კი, „საქართველოს ბანკში“ ჯამში 400 000 აშშ დოლარი და 97 500 ლარი ჰქონდა ანაბარზე.
ქემოკლიძე ფლობს არაერთ უძრავ ქონებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მის სახელზე რეგისტრირებულია როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და ბინები. კერძოდ, ქემოკლიძე 4 სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს ფლობს ამბროლაურის რაიონ სოფელ თლუღში, ერთ ნაკვეთს - სოფელ ქვედა თლუღში. მის მფლობელობაშია ასევე
მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი და სოფელ ახალუბანში მდებარე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. თბილისში, ავჭალა 2-ის დასახლებაში, ჯავახეთის I შესახვევში გიორგი ქემოკლიძე 801 კვ.მ. ნაკვეთს ფლობს, გოგაშენის ქუჩაზე კი - 177 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო ფართს. გარდა ამისა, გიორგი ქემოკლიძის საკუთრებაა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 403 კვ.მ. ბინა და ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 86 კვ.მ. ბინა. ის ასევე გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მდებარე 9000 კვ.მ. საკარმიდამო ნაკვეთის მფლობელიცაა.
არანაკლებ მრავალფეროვანია გიორგი ქემოკლიძის იარაღების კოლექცია - ის 19 ცეცხლსასროლ იარაღს ფლობს, მათ შორისაა: SIG PRO, SIG-SAUER, BERETTA, MAKAROV და ა.შ.
„პრაიმ ტაიმის“ წყაროს ცნობით, ქემოკლიძეს, პირადი მატერიალური დაინტერესებიდან გამომდინარე, კავშირი აქვს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 25 დეკემბერს, ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის ეთერში ქემკლიძეს ციხეში „ობშიაკების“ შეგროვებასა და გატანაში დაადანაშაულეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქემოკლიძემ თანამშებობა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს დატოვა. პენიტენციურმა სამსახურმა მაშინ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ პატიმარს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ“. უწყება იტყობინებოდა, რომ ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, №8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.