"გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება. იმედია გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით" - სუსი

სუსი

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულია გივი თარგამაძეც, "კურიერი" საგამოძიებო უწყებას დაუკავშირდა.

"გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა", - განგვიმარტეს სუს-ში.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ასევე გამოკითხვაზე დაიბარა თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი.

 

სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა.