გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე საქმის წარმოება დაიწყო

შავი ზღვა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ვიდეომასალის გავრცელებისთანავე, დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები გამოცხადდნენ ქალაქ ფოთში, სამხრეთ მოლის ნავმისადგომის ტერიტორიაზე.

დათვალიერებისას დადგინდა, რომ თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მიერ ნავმისადგომზე, სეინერებიდან სპეციალურ ავტომანქანებში, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული თევზის გადმოტვირთვა ხორციელდებოდა, რა დროსაც დაფიქსირდა გამოყენებული/ნაწრეტი სისხლნარევი წყლების ხმელეთიდან ზღვის აკვატორიაში ჩაღვრა.

შედგა ინსპექტირების აქტი. საქმის წარმოების დასრულების შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება.