თავზეხელაღებით, მიზეზის უკითხავად, კომუნიკაციის გარეშე შეუძლიათ მოკლან ადამიანი, შევთავაზე მოსამართლეს, საზოგადოებისგან იზოლირებული გახადოს ეს ბრალდებულები - ეკა კუპატაძე

ეკა კუპატაძე

 თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას გარდაცვლილის დედა, ეკა კუპატაძე დაესწრო.

კუპატაძე თავდაპირველად მოწმის სახით უნდა დაეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ ეს პროცედურა უდავოდ ცნო. მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი.

სასამართლოში ეკა კუპატაძემ მოსამართლეს საკუთარი პოზიცია გააცნო და ბრალდებულების საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩემი გზავნილი სასამართლომდე მივიტანე. ჩემი გზავნილი იყო ის, რომ ეს ბრალდებულები არიან საზოგადოებისთვის საშიშნი. მათ თავზეხელაღებით, მიზეზის უკითხავად, გაურკვევლად, პირდაპირ, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე შეუძლიათ მოკლან ადამიანი. შევთავაზე მოსამართლეს, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი განაჩენის წაკითხვამდე, იზოლირებული გახადოს ეს ბრალდებულები საზოგადოებისგან რაც შეიძლება დიდი ხნით," - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

საქმეზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. ერთს ბრალი წარდგენილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი არასრულწლოვანია ბრალდებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, ხოლო კიდევ ერთ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.