გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
531 ამპულა ფენტალინი, დიდი ოდენობით მიდაზოლი და მორფინი - ეს იმ ნარკოტიკული პრეპარატების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანს გაუკეთეს.
20-დღიანი მკურნალობის ფატალურად დასრულების მიზეზად, გარდაცვლილის მამა სწორედ ნარკოტიკების ზედოზირებას ასახელებს. ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი შვილის საქმეს პირადად სწავლობს და ამბობს, რომ პაციენტს ნარკოტიკების შემცველი მედიკამენტებით თანხმობის გარეშე მკურნალობდნენ.
გარდაცვლილის სამედიცინო ისტორია გამოძიებამ გამოითხოვა. დოკუმენტში ყველა ის მედიკამენტია ჩამოთვლილი, რომელიც ექიმებმა ვახტანგ ჩარკვიანის სამკურნალოდ გამოიყენეს. გამოძიების პარალელურად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების შესაძლო გადაცდომები სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა. საკითხზე იმსჯელა პროფესიული განვითარების საბჭომაც, სადაც პრაქტიკოსი ექიმებიც მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ნარკოლოგი ელენე კავსაძეა. ის ახლა გამოძიების მოწმეც არის.
"კურიერმა" ნარკოლოგის ჩვენება მოიპოვა, სადაც პროფესორი ამბობს, რომ ფენტალინის ზედოზირებას პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილის გამოწვევა შეეძლო.
მაღალი დოზებით და ერთმანეთთან თანხვედრაში დაუშვებელი მედიკამენტების გამოყენების გარდა, ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიაში ადვოკატებმა სხვა დარღვევებიც აღმოაჩინეს. მათ შორის გაყალბებული ხელმოწერა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროს მედდას ეკუთვნის.
"კურიერი" რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა, თუმცა თეა ბეგიაშვილმა კამერასთან გამოჩენა არ ისურვა. უარი თქვა სატელეფონო კომენტარზეც.
ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ან ექთნების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. რეგულირების სააგენტომ კლინიკის 10 ექიმს გაფრთხილება მისცა. გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატები კი, ვახტანგ ჩარკვიანის საქმის ფიგურანტი ყველა პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვენ.
20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსის დიაგნოზით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის აგვისტოში მოათავსეს. ახალგაზრდა სპორტსმენი 10 სექტემბერს გარდაიცვალა.