CNN: რუსეთს ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს

ვადიმ კრასიკოვი

CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკლვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა აშშ-ს გაცვლის ეს ვარიანტი არაფორმალურად შესთავაზა, ФСБ-ს ჯაშუშების ქსელის გამოყენებით. კრასიკოვს 2021 წლის დეკემბერში 2019 წელს ყოფილი ჩეჩენი მებრძოლისა და საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან თორნიკე ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

წყაროებმა CNN-თან თქვეს, რომ თხოვნა პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის არის ის, რომ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის. ამას გარდა, რადგან შეთავაზება ФСБ-ს არხებით გაკეთდა, აშშ-ს მთავრობა ამ მოთხოვნას საკუთარი წინა შეთავაზების თანასწორად არ უყურებს.

 

ამის მიუხედავად, CNN-თან მაღალი თანამდებობის გერმანულმა ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას გრაინერისა და უელანის გათავისუფლება იმდენად სურს, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს ჩუმად მიმართეს, შეეძლებოდათ თუ არა გაცვლაში კრასიკოვის ჩართვა.

CNN-ის ცნობით, მათთან გერმანულმა წყარომ თქვა, რომ საუბრები მაღალ დონეზე არ შემდგარა და კასიკოვის შესაძლო გაცვლა სერიოზულად არ განხილულა. თუმცა, აქამდე უცნობი შეთავაზება აჩვენებს იმას, რომ რუსეთი პატიმრების გაცვლის პროცესზე მუშაობაშ რაღაც დონეზე ჩართულია.

"რათა შევინარჩუნოთ საუკეთესო შესაძლებლობა წარმატებული შედეგისთვის, არანაირ სპეკულაციაზე საჯაროდ კომენტარს არ გავაკეთებთ". – თქვა CNN-თან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

 

P.S. ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", – ნათქვამია განცხადებაში.

 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.