გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სამი მემორანდუმი გაფორმდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმებს ხელი მოაწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბახტიორ საიდოვმა.

„უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა, გაფორმებულიყო თანამშრომლობის სამი მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და რადიაციული ნარჩენების მართვის სფეროებში. სამივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თითოეულში განსაზღვრულია თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც აუცილებლად აისახება უზბეკეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაში. ქართული აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის კუთხით კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები იხსნება, რაც ფერმერების შემოსავლის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმები გარემოსა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით თანამშრომლობას გულისხმობს.