ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მკვლელობა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე დაკავებულ გელა უძილაურს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლ. ჯ.-ს და გ. ჩ.-ს. სროლის დროს ასევე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლ. ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ. ჩ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.