1766688585
ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაციაა, რომ ჯანსაღი დისკუსია იყოს - „ენჯეოებმა“ ბევრი იმუშავეს ახალგაზრდებზე, რათა მათთვის გზა აებნიათ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებთანაც დისკუსია შეიძლება და ამას წინ ვერაფერი დაუდგება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა იმ ახალგაზრდებთან ჯანსაღი დისკუსიის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებსაც ხელისუფლების განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია რადიკალური პროცესებისთვის გამოყენებას ცდილობდა.
ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ღიაა ნებისმიერი მიმართულებით დისკუსიისთვის.
„ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაცია არის, რომ ჯანსაღი დისკუსია იყოს. რაც შეეხება იმ მოვლენებს, ვიტყოდი, რომ სადღაც რაღაც მომენტში თითოეულ ჩვენგანს გაგვეპარა ის მომენტი, როცა სამწუხაროდ, „ენჯეოებმა“, რომლებიც ბოროტულად იყვნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ განწყობილები, ძალიან ბევრი იმუშავეს ახალგაზრდებზე, რათა მათთვის გზა აებნიათ. ბევრი ადამიანი იყო შეცდომაში. მე თავად ბევრ ადამიანს ვიცნობ, ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება, რომელსაც სამწუხაროდ დააჯერეს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდიოდა, იყო კურსს აცდენილი და კიდევ უამრავი სისულელით გამოურეცხეს ტვინი.
სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილები ყველაფერი კარგის მიმართ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებთანაც საუბარი, დისკუსია, აზრის გაზიარება შეიძლება და ვფიქრობ, ამას წინ ვერაფერი დაუდგება. რა თქმა უნდა, მოხდება ერთმანეთში ჯანსაღი აზრის გაზიარება.
ნებისმიერი მიმართულებით საუბრისთვის მზად ვართ. ნებისმიერ მიმართულებას, რომელსაც ახალგაზრდა აირჩევს, მაქსიმალურად ექნება ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან, მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი პრემიერის გაცხადებული პოლიტიკაც ის, რომ ვინც მოინდომებს, ისწავლის და შრომის ხარჯზე ენდომება წარმატების მიღწევა, აბსოლუტურად ყველას მიექცევა ყურადღება, ყველას მიეცემა გზა იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში უნდა შევქმნათ ეს ყველაფერი, აქ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს მომავალ თაობას”, - განაცხადა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.












