,,არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი" - ლაშა ფურცხვანიძე

ლაშა ფურცხვანიძე

,,არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი", - ასე უპასუხა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია "გრინსერვის +”-ის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებას.

პროკურორის თქმით, ბრალდებულთაგან მიმალვის საფრთხე არსებობს.

,,იმ მორალურ პასუხისმგებლობას მე არც და ვერც გავექცევი. პირველ დღესვე დაახლოებით 34 საათი გრძელდებოდა ჩემი დაკითხვა, მესამე და მეოთხე დღეს 16 საათი. არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი. ვინაიდან, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო მხრებით, პირველ რიგში, ჩემი ინტერესია იქ რა მოხდა იმის გაგება. ყველაფერი მოყოლილი მაქვს, რაც ვიცოდი და თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, მზად ვარ მოვყვე. არ ვაპირებ კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას და ამ ეტაპზე, არანაირი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას”, - აღნიშნა ლაშა ფურცხვანიძემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ცხრა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე იმსჯელებს.

პროკურატურა შუამდგომლობის სახით 9-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცველებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.