ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაიკეტა - როგორ გამოიყურება სტიქიის შედეგად დაზიანებული ბაღი

ბოტანიკური ბაღი

სტიქიამ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიც დაზიანდა. გადაუღებელი წვიმების შედეგად, ფესვიანად წაიქცა 7 ასაკოვანი ხე. 

ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად ქარჩავამ აღნიშნა, რომ დაზიანებულია ღობის რვა სექცია. ბაღში დაიტბორა ცალკეული ტერიტორიები. რამდენიმე ხეს ემუქრება წაქცევის საფრთხე, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ ამ საკითხის შესწავლა დაწყებულია.

„წინა კვირას გვყავდა სპეციალისტები მოწვეული. მათაც დაათვალიერეს. ვმუშაობთ ახლა ამ პროექტზე. შეისწავლიან, რამდენ ხეს შეიძლება პრობლემა შეექმნას“, - აღნიშნა მან.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ვიზიტორებისთვის ბაღი დღეს დაიკეტა.

ამ წუთებში ბაღის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. მუნიციპალიტეტებში დაიტბორა სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები, გზების ნაწილი. დაზიანდა ხიდები. განსაკუთრებული პრობლემები სტიქიამ სენაკში შექმნა. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.