გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ტყიბულის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მყისიერად დაიწყო, რომელშიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
არსებულ ვითარებას ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი გაეცნო, რომელიც სოფელ კურსებშიც იმყოფებოდა, სადაც კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა იქ არსებული ქვის საწარმოს მიმდებარე ტერიტორია დატბორა. საწარმოში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი მაშველებმა უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს.
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის შემოსასვლელში დაიტბორა ცენტრალური ქუჩა, ასევე ეზოები და სარდაფები, ხოლო სოფელ ჭყეპში, ტყიბული-ორპირის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხე წაიქცა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. სპეციალური ტექნიკით ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია.
მუნიციპალიტეტის მერმა კურსებში ის ოჯახიც მოინახულა, სადაც წყალი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევარდა. აღნიშნულ ოჯახს მან საჭირო დახმარება შესთავაზა.
ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში სხვა პრობლემებიც შექმნა, მათ შორის, დაირეცხა სოფლის შიდა გზები და დაზიანდა ბოგირები. სტიქიის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.