ყველას თვალწინ, შვილის დაკრძალვაზე აპატია შვილის შემთხვევით მკვლელს - პანკისელი უხუცესის საქციელს დუისელები აფასებენ

პანკისი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი, უხუცეს ხასო ხანგოშვილის ვაჟი, გებიშ ხანგოშვილი გუშინ დაკრძალეს.

უხუცესი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ ნონიაშვილებს, შვილის დაკრძალვაზე შეხვდა და შეურიგდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა, სოფელ დუისში, მეჩეთის წინ მოხდა და მას უამრავი თვითმხილველი ჰყავდა.

„გებიში სავალალო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ავტომობილები ცუდად იყო გაჩერებული და ის ბიჭი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, მანქანებს შორის ვერ გავიდა, ამის გამო გაჩერდა. აქ ვიღაცეები გამოჩნდნენ და პატარა ჩხუბი მოხდა. როცა ყველაფერი დაწყნარდა, ნონიაშვილების ბიჭს, მანქანის სხვა ადგილას გადაყვანა უნდოდა. რანაირად ჩაითრია მანქანამ გებიში, წარმოდგენა არ გვაქვს. უბედური შემთხვევა იყო, ფაქტიურად, არც იმ ბიჭს შეეძლო თავიდან აცილება. ჩვენი ადათით, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, მაინც ითვლება, რომ სისხლი მართებს. დიდი კაცია, ხასო ხანგოშვილი, როგორი მაგალითი მისცა ყველას. სხვა დროსაც, ყველას შერიგების ინიციატორი ეგ არის. ყველას თვალწინ, შვილის დაკრძალვაზე აპატია ნონიაშვილებს. ასეთი კაცია, სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია“, - ამბობენ დუისში.

სოფელ მატანში, დადებითად ახასიათებენ, ნონიაშვილებსაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და სავარაუდოდ, მისი თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

„მშრომელი ხალხია ნონიაშვილები, წესიერები. ეს ბიჭიც, მეტალოპლასტმასის დამზადებაზე მუშაობს და ამისთვის იყო ასული დუისში, მუშებთან ერთად. შემთხვევით, უკნიდან აითრიაო მანქანამ გარდაცვლილი. თითქოს მხოლოდ ხელი იტკინაო, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო, როგორც ჩანს და საავადმყოფოში გარდაიცვალა. პანკისიდან ამ ოჯახს საღამოსვე შემოუთვალეს, დაკრძალვის მერე შევხვდეთო და უფრო ადრეც მომხდარა შერიგება.საოცარი კაცია ხასო ხანგოშვილი. ამ მძიმე დროსაც იპოვა ძალა“, - ამბობს „პრაიმთაიმთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 10 ივნისს მოხდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6- ე ნაწილით დაიწყო.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ დაზარალებული მხარის პრეტენზიის არარსებობის შემთხვევაში, ბრალდებულს შესაძლოა სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელი შეუფარდოს.