თელავის მუნიციპალიტეტში ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა

ვანდალიზმი

თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ენერგოეფექტური სკამები, Wi-Fi მიმღებები და სადენები დააზიანეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.

"ენერგო-ეფექტური სკამები მზის ენერგიით მუშაობს. სკამები აღჭურვილია ტელეფონის დამტენით, “ლაითბოქსით”, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა, აქვს Wi-Fi მხარდაჭერა, რომლის გამოყენებაც უფასოდ შეუძლია როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უცხოელ ვიზიტორებს. ამის აღდგენა ძალიან ძვირია და ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი", - განმარტავენ მერიაში.

ქალაქ თელავსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში 30-მდე ენერგოეფექტური სკამია განთავსებული.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და სამუშაოებზე 330 000 ლარი დაიხარჯა.