საქართველოს აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის - დავით სონღულაშვილი

სონღულაშვილი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხებოდა.

პარლამენტის წევრმა, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო და ვისაუბრო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - ენერგო დამოუკიდებლობაზე. თუმცა, პირველ რიგში, მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ალბათ სიმბოლურიცაა - დღევანდელი თემა, პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხს, რაც ჩვენი და ჩვენი მეგობარი უკრაინის საერთო პრობლემას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, საქართველო, მეხუთე წელია ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრია და ამ დროის განმავლობაში, აქტიურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხშიც. 2019 წელს ქვეყანამ დაამტკიცა კანონები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ და ენერგო ეტიკეტირების შესახებ. ასევე, დამტკიცდა ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განმსაზღვრელი 2 კანონი: საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ. ძირითადი კანონების დამტკიცების პარალელურად კი, აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მეორადი კანონმდებლობის შემუშავების პროცესი. არსებული მდგომარეობით, უკვე დამტკიცებულია 9 მეორადი საკანონმდებლო აქტი, უმეტესწილად განახლებადი ენერგიის წახალისების მიმართულებით. მიმდინარეა, ენერგეტიკის პოლიტიკის განახლებული დოკუმენტის მიღების პროცესი, ხოლო უკვე დამტკიცდა ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის კონცეფცია,“ - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელების მნიშვნელობასა და ქვეყნის განსაკუთრებულ როლს, აღნიშნულ პროექტში.

„განსაკუთრებით დიდია ჩვენი ძალისხმევა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის, როგორც კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, რომლის მშენებლობაც მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტია საქართველოს ენერგოსისტემისთვის. ამ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ ახალი შესაძლებლობები ეხსნება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საშუალება მიეცემა დააკავშიროს რეგიონის ელექტრო ქსელები ევროპასთან და პირიქით. შედეგად ქვეყანა უზარმაზარ გარღვევას მიაღწევს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების კუთხით. ხოლო, მისი ეკონომიკურ მომგებიანობა ნათლად ჩანს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადებულ ანგარიშში წინასწარი ეკონომიკური ანალიზის შესახებ. გარდა ამისა, ასევე, მხედველობაშია მისაღები კავკასიის რეგიონის ენერგო პოტენციალი და საქართველოს შესაძლებლობა შეასრულოს ხიდის როლი ევროპისა და ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ სისტემებს/ბაზრებს შორის. აღნიშნულის პარალელურად, აუცილებელია ქვეყანამ გააგრძელოს განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად ავითვისოთ შიდა რესურსები და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმპორტის ვალდებულება. ვფიქრობ, შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის განხორციელებით, ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ვალდებულებების შესრულებით, საქართველო, კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსს შეიძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება მაღალკონკურენტუნარიანი, ღირებულად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის პოტენციალს და ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე. ამასთან, ქვეყანას ექნება სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ექნება სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მისიაა ერთის მხრივ, სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, ინტეგრირებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

„ენერგეტიკული გაერთიანება“ 2005 წლის ოქტომბერში ათენში, საბერძნეთში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით დაარსდა, ხოლო საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.