პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
“კახეთის მაგისტრალის მშენებლობა ხელს შეუწყობს ტვირთების გაზრდილ მოძრაობას და უზრუნველყოფს ხანმოკლე და უსაფრთხო მგზავრობას” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა თბილისი-საგარეჯოს ავტობანზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად 35 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნულ მაგისტრალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან სამუშაოები თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან, ვაზიანის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს.
თბილისი-საგარეჯოს ავტობანი 3 მონაკვეთად არის დაყოფილი და 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზა შენდება. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.
კახეთის ავტობანის პროექტირებაზე ავსტრიელმა და გერმანელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, იმუშავეს, ხოლო კახეთის ავტობანის თბილისი-საგარეჯოს ერთ-ერთ მონაკვეთს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია აშენებს.
დავით სონღულაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას დასაქმების მიმართულებითაც.
„პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას და ამასთან, წვლილს შეიტანს COVID-19 კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესში - სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნით და ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემოსავლის გაზრდით,“ - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის.
კახეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გარდა, რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯამში 61 მილიონი ლარის ღირებულების 18 პროექტი მიმდინარეობს, რაც 65 კმ გზისა და 1 ხიდის რეაბილიტაციას,ასევე 9 ნაპირსამაგრ პროექტს მოიცავს.