რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ძველი რუსთავის განახლების მასშტაბური პროექტი, 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და სოციალური პროგრამები განიხილეს

რუსთავი

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი მიულოცა და განცხადება გააკეთა.

,,სიმბოლურია, რომ სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის ლოცვა - კურთხევით კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ქვეყანა.

მინდა ყურადღება გავამახვილო ძველი რუსთავის განახლების მასშტაბურ პროექტზე.

მოგეხსენებათ, აქტიურ ეტაპზე გადავიდა პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

პროექტის ფარგლებში უპრეცედენტო რაოდენობის,  100-მდე საცხოვრებელი სახლი ავთენტურობის დაცვით განახლდება.

პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობები, დაწყებულია კულტურული მნიშვნელობის სივრცეების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესებიც.

წარმატებით სრულდება სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ და მიხარია, რომ ამ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან. მადლობა მათ პროექტში მონაწილეობისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოს თითოეულ დეპუტატს და აპარატს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.”- განაცხადა სხდომაზე მამუკა რეხვიაშვილმა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

დამტკიცდა რუსთავის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.

თანხმობა მიეცათ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

დამტკიცდა დეველოპერული კომპანიის მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და ცვლილებები სოციალურ პროგრამებში.

საკითხები დეპუტატებს მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა გააცნეს.

სხდომას სტუდენტური სტაჟირების პროგრამის „წარმოადგინე შენი ქალაქი“ მონაწილეები დაესწრნენ.