ოქრომჭედლობაზე მეოცნებე 12 წლის მეწარმე თელავიდან - (ფოტოები)

12 clis bavshvi

12 წლის მეგი დენტოშვილი უკვე მეწარმეა. საწარმოს სახელი გოგონამ თვითონ მოიფიქრა და ფერადი, ნატურალური ქვებით დამზადებული ნივთების სამყაროს "მიოლა" დაარქვა.

თითქმის ერთი წელია, მეგი საკუთარი ხელით სამკაულს ამზადებს, გამოფენებშიც მონაწილეობს და თავისი მყიდველიც ჰყავს.

ყველაფერი პანდემიის პირობებში დაიწყო, როცა სახლში დარჩენილი მოზარდები, ძირითადად, კომპიუტერსა და ტელეფონს მიეჯაჭვნენ. ჩაკეტილი სივრცე, გოგონამ სრულიად სხვაგვარად გამოიყენა და მამისგან დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფულით, ბისერები შეიძინა.

„ყველა ჩაკეტილები ვიყავით, რადგან ვირუსის გავრცელება დაიწყო. მამას ნაჩუქარი ფულით გადავწყვიტე, ბისერები მეყიდა და სამკაულების დასამზადებლად, ჩემი იდეები გამომეყენებინა. საერთოდ, სამკაულს რომ ვაკვირდებოდი, მეც მინდოდა დამემზადებინა. სულ ხელით ვაწყობდი და საკმაოდ დიდ შრომას ვეწეოდი"- ამბობს მეგი " პრაიმთაიმთან."

პატარა მეწარმემ ხატვა არ იცის, ქვებსა და ფერებს საკუთარი წარმოსახვით არჩევს და ზუსტად იცის, რომელ ადამიანს, როგორი სამკაული მოერგება.

" წინასწარ არ ვიცი, რას ვაკეთებ. როცა ვიწყებ, ნელ-ნელა საბოლოო სახე ეძლევა.

გზადაგზა ვუხამებ ფერებს, ვარჩევ ქვებს. ძალიან მიყვარს აქატი, გიშერსა და მარგალიტზე მუშაობაც. გიშერი ქალებს ძალიან მოსწონთ. შერჩევაც შემიძლია, ზუსტად ვიცი, ვის რა გამოადგება"-ყვება მეგი.

სამკაულების შექმნიდან ერთი წლის თავზე, გოგონა უკვე ორ გამოფენა - გაყიდვაში მონაწილეობდა. შეგროვილი ფულით, მან სპეციალური ხელსაწყო შეიძინა, რომელიც მუშაობაში ეხმარება.

მეგის მთავარი თანამოაზრე, დედაა. ოთხი შვილის დედა, თამუნა ბუღათრიშვილი ამბობს, რომ შვილების არჩევანში არასოდეს ჩარეულა.

" მეგის პატარაობიდანვე საკუთარი ინტერესები აქვს. ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული, გასართობს საკუთარ სამყაროში პოულობდა. ეს არჩევანიც თვითონ გააკეთა და საოცარი გულისყურით ეკიდება. მე შვილების არჩევანში არასოდეს ვერევი. ესაა მისი ინტერესის სფერო, თავად აწარმოებს საკუთარ ბუღალტერიას, თვითონ წყვეტს, რა იყიდოს და არა სჭირდება. მე მას მხარს ვუჭერ და საჭირო შემთხვევაში, ვეხმარები"- ამბობს დედა.

მეგი დენტოშვილი ჯერ მხოლოდ მეშვიდე კლასშია. მან ჯერ კარგად არ იცის, საიუველირო ოსტატობის განვითარების ისტორიისა და ამ სფეროში, საქართველოს დიდი ტრადიციების შესახებ, თუმცა თავისი ოცნების პროფესიის, ოქრომჭედლობის შესასწავლად, თანხის გადადებას უკვე ახერხებს.

 

გოგონაც და დედამისიც დარწმუნებულები არიან, რომ მიზანდასახული ხასიათით, პატარა მეწარმე, ქალისათვის ამ უჩვეულო ოსტატობის შესწავლას შეძლებს.

მეგის სჯერა, რომ მცირერიცხოვან ქალ ოქრომჭედლებს შორის მოხვედრის დიდი შანსი აქვს, რადგან როგორც თავად ამბობს, "ქალმა უკეთ იცის, ქალს რა დაამშვენებს."