რა კეთდება რუსთავში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად

nino latsabidze

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების მიზნით, რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა კომპანია „რუსელოისის“ კუთვნილ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში გაიმართა. შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე და შპს „რუსელოისის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე „რუსელოისის“ იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, გაეცნენ ტექნოლოგიური პროცესის მოსაწესრიგებლად კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც აუცილებელია საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მოკლე ვადებში შემცირებისა და გაფრქვევების მონიტორინგის ონლაინ სისტემაში ჩართვისთვის.

„კანონში შეტანილი ცვლილებები უნდა აღსრულდეს და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასევე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვინაიდან ამ საწარმოში 700-მდე ადამიანია დასაქმებული და მათ უკან 700 ოჯახი დგას. სახელმწიფო, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე, მზად არის მხარში დაუდგეს საწარმოებს, ნებისმიერი პროცედურა მათთან ერთად დაჩქარებული ტემპით გაიაროს, თუმცა არ დავუშვებთ იმას, რომ ეს ვადა ყოველ თვე გადაწიონ და ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა მოახდინონ. უნდა განვითარდეს როგორც ეკონომიკა, ასევე უნდა გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა “, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით კომპანია „რუსელოისში“ ფილტრაციის სისტემის მონტაჟი შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს.

„უკანასკნელად „რუსელოისი“ შემოწმდა 25 იანვარს და ცალკეული გარემოს დაცვითი ვალდებულებების დარღვევაზე, მათ შორის ჰაერში მავნე ნივთიერებების ზენორმული გაფრქვევაზე ოქმი შედგა. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ადგილზე გავცნობოდით, ის რასაც საწარმო ამბობს, რომ დაიწყეს ეკოლოგიური პროცესის გამართვის, ფილტრაციის სისტემის მოწესრიგების პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს თუ არა. ვნახეთ, რომ შეკვეთილი დანადგარები უკვე ჩამოსულია. ჩვენი მხრიდან არის მოთხოვნა, რომ მონტაჟის ვადები მაქსიმალურად შემჭიდროვდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, „რუსელოისისგან“ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, რომ ორ-სამ თვეში აბსოლუტურად თანამედროვე ტექნოლოგიით გამართული ჰაერის გამწმენდი სისტემა მოეწყობა.

„პრაქტიკულად ყველა კომპანია, რომელიც ჰაერში გაფრქვევის ზღვრულად დაშვებული ნორმების გადაჭარბებასთან კავშირში იყო, დღეისათვის დაჯარიმებულია და მიცემული აქვთ გონივრული ვადები. ჩვენ გონივრულ ვადებში კომპანიების მიერ განხორციელებულ საქმიანობას უნდა ვადევნოთ თვალყური, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ შედეგი. ეს არის პროცესი, რომელიც ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ გაიარა, როდესაც კომპანიები ძველი ტექნოლოგიებიდან, ახალზე გადადიოდნენ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 2021 წლის გაზაფხულზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას. ცვლილებების თანახმად, მსხვილ საწარმოებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება - ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში განახორციელონ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის თვითმონიტორინგი, ასევე ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით უზრუნველყონ საწარმოს აღჭურვა აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოებს მნიშვნელოვანი, გაზრდილი სანქციები დაეკისრებათ და უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

როგორც კომპანია „რუსელოისში“ აცხადებენ, საჭირო ტექნიკა უკვე შესყიდული აქვთ და ქარხანა სტანდარტებს მიმდინარე წლის აპრილიდან დააკმაყოფილებს.