ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1783778204
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის, ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
ანზორ გვარამაძე ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მისი მოღვაწეობა ოზურგეთიდან დაიწყო და თბილისში, მის მიერვე დაარსებულ ანსამბლ „მთიებში“ გაგრძელდა.
დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის რაინდი“, არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის პრემიის ლაურეატი და „ხელოვნების ქურუმის“ წოდების მფლობელი.
ვარსკვლავის გახსნამდე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ გვარამაძის შესახებ ვიდეო ჩვენება და ანსამბლ „მთიების“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები: „მთიები,“ „ზენაარი,“ „ნართები,“ „ფესვები,“ „ფარცას“ ძველი თაობის მოცეკვავეები, „შვიდკაცა“ და „ვახტანგური“.
საზეიმო კონცერტს და ანზორ გვარამაძის ვარსკვლავის გახსნას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, ანზორ გვარამაძეს, ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელი და ფულადი ჯილდო 1000 ლარი გადასცა. ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.