ოზურგეთის მერია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ზედა ბახვში ხანდაზმულ ქალბატონთან, რომელიც ობოლ შვილიშვილებს ზრდის, კონტაქტი გაწყდა: ქალბატონი და სამივე მცირეწლოვანი იმყოფება სახლში უვნებლად და დახმარებას არ საჭიროებენ

ფოტო: ოზურგეთის მერია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს სოფელ ზედა ბახვში ხანდაზმულ ქალბატონს, რომელიც სამ ობოლ შვილიშვილს ზრდის დახმარება სჭირდება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის 3 მცირეწლოვან შვილიშვილთან დაკავშირებით მოხდა ადგილობრივ მოსახლესთან, ახალაძე ლალისთან დაკავშირება და ტელეფონის ნომრის მოძიება. ქალბატონ გულიკოსთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მას 112-ში ამ დრომდე არ განუხორციელებია ზარი, რადგან ქალბატონი და სამივე მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფება საცხოვრებელ სახლში უვნებლად, დახმარებას არ საჭიროებენ“, - აღნიშნავენ ოზურგეთის მერიაში.

ინფორმაცია ორგანიზაცია „სიკეთის ქალაქმა“ გაავრცელა, სადაც მითითებული იყო, რომ 80 წლის ბებიასთან, რომელიც სამ მცირეწლოვან შვილიშვილს ზრდის, მესამე დღეა დაკავშირება ვერ ხერხდება.