1740738167
მუნიციპალური ავტობუსების 27 სამარშრუტო ხაზიდან 15 გახსნილია - ბათუმის მერი

"თოვა შეწყდა, თუმცა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად გრძელდება", - ამის შესახებ ბათუმის მერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, ამ ეტაპისთვის, მუნიციპალური ავტობუსების 27 სამარშრუტო ხაზიდან 15 გახსნილია.
"სახურავებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დაზიანების გამო, თავშესაფარში ან ქირით გადაყვანილია ჯამში 36 ოჯახი. ინფრასტრუქტურის დაზიანებებთან დაკავშირებით სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და განხორციელდება რეაგირებები.
ამ ეტაპისთვის წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მიმართულებით შეზღუდვები არ ფიქსირდება.
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, დასუფთავების სამსახურის მიერ 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გატანის სამუშაოები", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.