იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

იმერეთი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა.

ონლაინ შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა მერებისგან კიდევ, ერთხელ მიიღო დეტალური ინფორმაცია უამინდობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და ყველა მათგანს დაავალა საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებით გააგრძელონ სამუშაოები და მაქსიმალურად აღმოუჩინონ დახმარება მოქალაქეებს.

კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რაზეც იმერეთის გუბერნატორმა გაამახვილა ყურადღება რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებაა. აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების მაღალი სისწრაფის გათვალისწინებით, ინფიცირების შემთხვევები რეგიონში გაიზარდა და აუცილებელია ხელი შევუწყოთ რეკომენდაციების დაცვას. კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. მხარის რწმუნებულმა აღნიშნული საკითხების შემდეგ, ონლაინ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი 35 ინიციატივისა და 2 პროექტის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. გუბერნატორმა წარმოდგენილი იდეები დეტალურად განიხილა.

რაც შეეხება პროექტებს, საბჭომ ორივე პროექტის განხორციელებას დაუჭირა მხარი. საჩხერეში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. დასასვენებელ სკვერში განთავსდება კაფე-ბარი და ბავშვებისთვის ატრაქციონები. პროექტის საშუალებით მუნიციპალიტეტს კიდევ, ერთი დასასვენებელი სკვერი შეემატება. ასევე, დაფინანსდება ქუთაისის მიერ წარმოდგენილ პროექტი, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს. 8 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, ხარაგაული, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ზესტაფონი, ხონი, ბაღდათი) მიერ წარმოდგენილი იდეები ითვალისწინებს ტურისტული ლოკაციების, რეკრეაციული სივრცეებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას.

ონლაინ შეხვედრაზე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით განსახორციელებელ იმ პროექტებზეც იმსჯელეს, რომლებიც უკვე სპეციალური კომისიის მიერ დამტკიცდა. ამ ეტაპზე იმერეთში 41 პროექტი უკვე დაფინანსებულია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუშაობა გრძელდება და რეგიონში დამატებით, კიდევ ათობით პროექტის განხილვა-მოწონების პროცედურები მიმდინარეობს. იმერეთში ამ მიმართულებით, 2021-2022 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი. საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. ონლაინ პლატფორმის საშუალებით გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.