1751399667
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღებას 30 დეკემბრის ჩათვლით აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები შენდება.
„საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. სახლების ფართობის გათვალისწინებით, მაქსიმუმ 6-სულიანი დევნილი ოჯახების განაცხადები მიიღება.
განაცხადის გაკეთება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ.N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.