ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
მთავრობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა მოქალაქეებზე და მათი სოციალური პრობლემების შემსუბუქება. ამ მიზნით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 8,7 მილიარდი ლარი, ხოლო მუნიციპალური ბიუჯეტიდან 2025 წელს, ვგეგმავთ დამატებით 7%-ის დახარჯვას, რაც 3 მილიონ 98 000 ლარს შეადგენს. (გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 263 ათასი ლარით.) - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, 2025 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება 20-ზე მეტ სხვადასხვა სახის პროგრამას მოიცავს. მერია დაეხმარება ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, მრავალშვილიან დედებს, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს და სხვა ბენეფიციარებს.
„ მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სერვისების მიწოდებას მომავალ წელსაც განაგრძობს. არსებულ პროგრამებთან ერთად, ოზურგეთი ახალი ინიციატივების დანერგვას იწყებს: გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე ბენეფიციარებს პროგრამის ფარგლებში, დაუფინანსდებათ მედიკამენტებისა და კვლევების ღირებულების 100% წლის განმავლობაში 5000 ლარის ფარგლებში; შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ინსულინდამოკიდებულ ბენეფიციარებს გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 1500 ლარის ოდენობით. გაიზრდება დაფინანსების მინიმალური (300 ლარამდე) და მაქსიმალური (800 ლარამდე) ზღვარი ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის, რათა მეტი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ მათთვის. ახალი პროგრამის ფარგლებში, მერია საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დააფინანსებს იმუნოჰისტოქიმიურ კვლევას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირებას. ახალი პროგრამის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს (მხედველობით და სმენადაქვეითებულებს) აღმოვუჩენთ ფინანსურ დახმარებას 1000 ლარამდე,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
როგორც სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება პერსონალური ასისტენტის სერვისით მომსახურება - 18 წელს მიღწეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გაეწევა სათანადო დახმარება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.
ოზურგეთის მერის თქმით, 2025 წელსაც გაგრძელდება ახალგაზრდების წახალისების და მხარდაჭერის პროგრამა. 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად წახალისდებიან 70%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდებიც.
„ 2025 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 21% დაიხარჯება განათლების სფეროში (9,425 მილიონი ლარი, გასულ წელთან შედარებით 879,000 ლარით ზრდა). ჩვენი ამოცანა იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პირობების და მომსახურების გაუმჯობესება, პერსონალის ხელფასების კიდევ გაზრდა და ინფრასტრუქტურის განახლება. ამ ეტაპისთვის 2025 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს ხელფასი მოემატება კიდევ 100 ლარით,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.