ახალციხეში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

ახალციხე

ქალაქ ახალციხეში უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართა. „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ექიმებმა,

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით 120-მდე პირს გაუწიეს მომსახურება, მათ შორის ვეტერანებს და მათი ოჯახების წევრებს.

აქცია მოიცავდა ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის ექიმი კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროგრაფიულ, ექოკარდიოსკოპიულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს.

„ახალციხის სამხატვრო სკოლაში“  მიმდინარე სამედიცინო აქციის პროცესს  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილე რუბენ კარაპეტიანი და მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის უფასო სამედიცინო აქციები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით პერიოდულად ეწყობა,  რომლის ფარგლებშიც  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა პროფილის ექიმების მომსახურებით  ისარგებლონ  და შესაბამისი  გამოკვლევები ჩაიტარონ.