„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ - რუსთავში, „რუსთავქალაქობა“ მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნეს

რუსთავქალაქობა

,,ახალი ქალაქი დიდი ისტორიით” - სწორედ ამ სლოგანით და ქალაქის ახალი ლოგოტიპით შეხვდნენ წლევანდელ ,რუსთავქალაქობას” რუსთავში. ქალაქის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე : ცენტრალურ პარკში, იპოდრომზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან კოსტავას გამზირზე გაიმართა.

,,რუსთავქალაქობას” ვულოცავ ჩვენს ქალაქს, მინდა ვისურვო ჩვენი ოჯახის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა, მშვიდობა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში, ასევე ძალიან დიდი მოტივაცია, რომ რუსთავი გახდეს უკეთესი და ამაში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. წელს გავითვალისწინეთ ყველა სურვილი, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა და ღონისძიებები რომელიც ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანზე იყო მორგებული, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გავმართეთ. “რუსთავქალაქობაზე” არ გვაქვს მოსაწვევები, რადგან ეს დღე ყველა რუსთაველის დღესასწაულია”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ცენტრალური პარკი მთელი დღის განმავლობაში ბავშვთა გასართობი, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით იყო დატვირთული, მოეწყო ანიმაციური ფილმების ჩვენება, ჩატარდა საბავშვო მუსიკალური წარმოდგენა, სხვადასხვა ლოკაციებზე გაიმართა ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა, ასფალტზე ცარცით ხატვა, ილუზიონისტისა და საპნის ბუშტების შოუ. სამრეწველო და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლა რუსთავის იპოდრომმა, სადაც რუსთაველ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კულინარიული ფესტივალი გაიმართა.

“რუსთავქალაქობის” ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი ესწრებოდნენ. “რუსთავქალაქობას”ვულოცავ ჩემს ქალაქს და თანაქალაქელებს, მინდა ვისურვო მშვიდობა, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარება და წინსვლა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენს ,,ახალ ქალაქში დიდი ისტორიით”, ძალიან ლამაზი, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით სავსე დღე გვქონდა და ,,რუსთავქალაქობა” ყველამ ერთად ვიზეიმეთ”, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

“რუსთავქალაქობის” კულმინაცია გალა- კონცერტი იყო. გალა- კონცერტზე რუსთავზე შექმნილი ოთხი სიმღერის პრემიერა შედგა, რომლებიც ლაშა ნოზაძემ, ჯგუფმა ,,მგზავრებმა”, ნეკა სებისკვერაძემ, ,,რეზო და ბავშვებმა” შეასრულეს. კლასიკური მუსიკის საღამოზე, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, მუსიკალურად კი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და კამერული ორკესტრი აფორმებდა, სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რუსთაველებს, რომლებიც ქალაქის დღევანდელობას ქმნიან და თანამედროვე რუსთავის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ, მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქარი გადასცეს. სადღესასწაულო საღამო, ჯგუფ ,,REGGAEON”-ის კონცერტით დასრულდა.