ახალგაზრდა ქალმა მოხუცი დედის დატირება ვერ შეძლო - მდინარე ენგურის სანაპიროზე ვიდექი და შორიდან გავცქეროდი

ენგურის ხიდი

უკვე წლებია, ოტობაია - ორსანტიის ხიდთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაიტირა გარდაცვლილი ნათესავი. გასვენების დღეს, სამგლოვიარო პროცესია ხიდის სიახლოვეს ჩერდება, ვინაიდან სასაფლაოც იქვე ახლოს მდებარეობს.

ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, დედის დატირება  და მშობლიურ სახლში გადასვლა ვერ შეძლო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ რუხის კოვიდ ცენტრში,რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან დევნილი 95 წლის თინა ჩ. გარდაიცვალა.

ქალის ცხედრის გადასვენება მხოლოდ საზღვარზე საჭირო საბუთების მქონე ნათესავებმა მოახერხეს. 
დედის დატირება კი ზუგდიდში მცხოვრებმა მისმა ქალიშვილმა და თბილისიდან შვილიშვილებმა ვერ შეძლეს.

„საშინელებაა, რომ ვერ მიდიხარ ადამიანი... სადაც მთელი ბავშვობა გაატარე. როგორ მიხაროდა ბებოსთან ზაფხულობით ჩასვლა და ჩვენი სტუმრებით სავსე სახლი,სამზარეულოში მოფუსფუსე ბებია, დატირებითაც ვერ დავიტირე. ვერ აღგიწერთ როგორ ვარ", - აბობს  შვილიშვილმა.

გარდაცვლილი ქალის ქალიშვილი ამბობს, რომ დედა მასთან ზუგდიდში სამი წელი ცხოვრობდა.

„ორივეს კოვიდი შეგვეყარა, ორივე რუხში ვიწექით, დედას დაუმძიმდა მდგომარეობა. მისი უკანასკნელი თხოვნა იყო სოფელში დაგვესაფლავებინა მამის გვერდით, რაც ავუსრულეთ კიდეც... მე საბუთები არ მქონდა, არც წითელი პასპორტი და ისე ვინ გამიშვებდა საზღვარზე, ჩიტიც ვერ შეფრინდება. ჩემს უფროსს ძმას და რძალს ჰქონდათ საბუთები, ე.წ. "სპრავკა" რუსეთში ცხოვრობდნენ წლები და მათ დაიტირეს, მე კი მდინარე ენგურის მეორე სანაპიროზე ვიდექი და შორიდან შევცქეროდი...ღმერთო,რა საშინელება ყოფილა, როცა ასე ახლოს ხარ სახლთან და ვერ მიდიხარ, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილო დედა. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ მე, აქედან გული გამისკდა, რომ ვერ დავემშვიდობე დედას.

მეზობელი იყო ჩასული გერმანიიდან, ჩამოვიდა და მაჩვენა ყველაფერი და ის მოეფერა დედას ჩემს მაგივრად. სოფელში ხალხი არაა საერთოდ, სულ 50 კაციც არ იყო ალბათ გასვენებაზე, როგორც მითხრეს.
ყველა წასულია, ახალგაზრდები ხომ საერთოდ არაა. მე აწი წავალ თბილისში და მერე სადმე რა ვიცი, გონება დაბინდული მაქ ჯერ“, - გვითხრა შვილმა.

სოფელი ოტობაია ოკუპირებული აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს სასაზღვრო სოფელია, მდინარე ენგურის სანაპიროსთან. როგორც კი ქართული იურისდიქციის ზონას გასცდებით, ოტობაიაში აღმოჩნდებით. პირობით საზღვარზე რუსი სამხედროები დგანან,ერთადერთი გადასასვლელი ენგურის ცენტრალური ხიდია,სადაც სპეციალურ საშვებს ითხოვენ.