"თუ ნაკბენის ადგილას რამეს ხედავთ..." - ბიძინა კულუმბეგოვის გაფრთხილება

ბზიკის ნაკბენი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ფუტკრების, კრაზანებისა და ბზიკების კბენის შემთხვევაში სხვადასხვა სახის რჩევა-რეკომენდაციას აძლევს. მისი თქმით, საქართველოში არსებობს სამედიცინო პროცედურა, რომლის ჩატარების შემდეგ ორგანიზმი დაცულია დანესტვრისგან გამოწვეული საფრთხისგან.

„ბევრი სახეობის მწერია, თუმცა, ალერგოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია ფუტკარი, კრაზანა და ბზიკი. მათთან არის ის ხუთეული, რაც ​ანაფილაქსიის მიზეზია, მედიკამენტთან, საკვებთან, ლატექსთან ერთად, რა თქმა უნდა, წამყვანი მიზეზი არის ამ ტიპის მწერების დანესტვრის შემდგომ განვითარებული ანაფილაქსია. ბოლო წლების განმავლობაში იმ ოჯახებს, რომლებიც მეფუტკრეობას მისდევენ, ან არ მისდევენ და შემოგარენში აქვთ კარი, და პირველი და მეორე დანესტვრის შემდეგ მათი სოცოცხლე გადარჩა, ჩვენ მათ აცრას ვუკეთებთ, ე.წ იმუნოთერაპიას, 3-წლიანი სქემით, რომელიც შეგუებითი თერაპიის ნაწილია. ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, რომ ადამიანი ფუტკრის შხამს შევაგუოთ და თან დანესტვრის შემდეგ მძიმე ალერგიული რეაქცია არ მოხდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია - როდესაც ფუტკარი ადამიანს კბენს, ნესტარს კანში ტოვებს, ბზიკი და კრაზანა კი არასდროს, მრავალჯერადი გამოყენების აქვს, გიკბენს და წავა. თუ ნაკბენის ადგილას რამეს ვხედავ, ნიშნავს, რომ ფუტკარმა გვიკბინა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნაკბენი, დანესტვრა შემდგომ შესაძლოა, ინფექციის წყარო გახდეს, ამიტომ საპნიანი წყლით ჩამობანა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ცივი საფენის დადება.

თუ ქალაქიდან გავდივართ და სამედიცინო პუნქტთან არ ვიმყოფებით, ჩვენი განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს ერთი რომელიმე თანამედროვე ანტიჰისტამინური საშუალება. დექსამეტაზონი საინექციოდ არის შექმნილი, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა მის გადაუდებელ სიტუაციაში დალევასაც ითვალისწინებს.“ - განაცხადა კულუმბეტოვმა.