„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
რატომ ვერ ვიტანთ მგზავრობას და როგორ შეგვიძლია, ასეთ დროს დისკომფორტი თავიდან ავირიდოთ - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია, საუბრობს:
-მგზავრობის ავადმყოფობას, რომელსაც მოგზაურობის დროს გულისრევასა თუ მგზავრობის აუტანლობას უწოდებენ, ბევრი სინონიმი აქვს. ეს მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავდება ფობიებისგან, მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობის შიშისგან, და მათში არ უნდა აგვერიოს. სტატისტიკურად, იგი ყველაზე ხშირად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, ორ წლამდე კი პრაქტიკულად არ ვლინდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ვესტიბულური აპარატი ორ წლამდე ჩამოყალიბების პროცესშია, ეს ორგანო კი ზუსტად ამ სიმპტომების გაჩენაზეა პასუხისმგებელი.
სიმპტომების მართვა და ქცევითი რჩევები
პირველ რიგში, მარტივი ქცევითი ჩვევებით უნდა დავიწყოთ:
ჰორიზონტის ყურება: მგზავრმა მზერა ჰორიზონტს ან რომელიმე უძრავ წერტილს უნდა მიაპყროს. ეს ტვინს თვალებიდან და შიდა ყურიდან მიღებული სიგნალების თანხვედრაში ეხმარება.
გაჯეტების შეზღუდვა: მოძრაობისას ტელეფონების, ეკრანებისა და სხვა გაჯეტების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. ასევე არ არის რეკომენდებული წიგნის კითხვა.
სუფთა ჰაერი და ტემპერატურა: სუფთა ჰაერი და ჟანგბადი ადამიანს გარკვეულწილად ეხმარება, ამიტომ სივრცე ჩახუთული არ უნდა იყოს. ავტომობილში არსებულ სიცხესა და ჩახუთულობას კონდიციონერი ეფექტურად ჩაანაცვლებს.
პოზიციონირება: მგზავრობისას დიდ მნიშვნელობას ადგილის შერჩევა ანიჭებს. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანისთვის საუკეთესოა ავტომობილში წინა სავარძელზე დაჯდომა და წინ ყურება.
კვების რეჟიმი: მგზავრობის წინ მყარი, ცხიმიანი და ნოყიერი საკვების მიღება უნდა შეიზღუდოს. უპირატესობა მსუბუქ, თხევად საკვებს, მაგალითად, თხევად იოგურტს უნდა მიენიჭოს, რათა კუჭ-ნაწლავი არ დაიტვირთოს. ასევე, აუცილებელია წყლის დალევა, ალკოჰოლის მიღება კი დაუშვებელია.
მედიკამენტებით მკურნალობა
მგზავრობის ავადმყოფობის სამკურნალოდ პოპულარული მედიკამენტები გამოიყენება, რომელთა მიღება ბავშვებში 2 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ეს არის ურეცეპტოდ გასაცემი ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც საზოგადოებაში ალერგიის საწინააღმდეგო წამლების სახელითაა ცნობილი. ისინი ნეირომედიატორ აცეტილქოლინზე მოქმედებენ და აღნიშნულ სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებენ. თუ ბავშვი ალერგიულია და დღის განმავლობაში ანტიჰისტამინი უკვე მიღებული აქვს, მან თავისი ფუნქცია წესით ისედაც უნდა შეასრულოს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ანტიჰისტამინის დოზის გაზრდა პრობლემას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ანოტაციაში, როგორც წესი, დღეში 1 ტაბლეტის მიღებაა მითითებული, ამ დოზის გაორმაგება, გასამაგება ან მაქსიმუმ გაოთხმაგება აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ექიმი იღებს.
ალტერნატიული საშუალებებიდან აღსანიშნავია სკოპოლამინი. მისი პლასტირები, რომლებსაც FDA-ის (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) ავტორიზაცია აქვთ, ყურის უკან ეწებება. ანტიჰისტამინებისგან განსხვავებით, მათ ისეთი გვერდითი ეფექტები არ ახასიათებთ, როგორიც ძილიანობა და სედაციაა.
ამჟამად FDA-ის დამოწმების მოლოდინშია სკოპოლამინის შემცველი ცხვირის სპრეებიც, რომლებსაც პლასტირის ანალოგიური მოქმედება აქვთ. ეს პრეპარატები იმ ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, ვისაც ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ.
ნახეთ გადაცემა სრულად: