1734811100
სანამ კვერცხს შეღებავთ, ეს რჩევა წაიკითხეთ - „მაცივრიდან ნახევარი საათით ადრე გამოალაგეთ და...“
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აქტუალურ საკითხებზე საუბრობს, აღნიშნავს, რა უნდა გავითვალისწინოთ კვერცხის ყიდვისას, სწორად გამოყენებისა თუ შეღებვისას:
„აღდგომის პერიოდში ყველაზე აქტიური პროდუქტი კვერცხია და მისი სწორად არჩევა უნდა ვიცოდეთ. როდესაც კვერცხს ვყიდულობთ, პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, სავაჭრო ჰიგიენური გარემოა. ნუ შევიძენთ ისეთ კვერცხს, რომელიც ძირსაა დალაგებული, არ არის შეფუთული, იზოლირებული.
მისი გარსი ძალიან მოსაფრთხილებელია, თხელი აპკითაა დაფარული და რაც კი გარედან დაბინძურებაა, შესაძლებელია, კვერცხის ცილაში შევიდეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სად ინახება კვერცხი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოხარშვის დროს ბაქტერიები იღუპება. ამიტომ, სააღდგომო კვერცხი ნაკლებად რისკის შემცველია, დიდი ხნის განმავლობაში იხარშება და ის ბაქტერია, რომლისაც ყველაზე მეტად გვეშინია - სალმონელა, იღუპება. არ მახსენდება სააღდგომო კვერცხით მოწამვლა დაფიქსირებულიყოს.
თუ ფერმის კვერცხს ვყიდულობთ, აუცილებლად დავაკვირდეთ ვადას და არ შევიძინოთ ისეთი ფერმის კვერცხი, რომელსაც ვადა არ აქვს მითითებული. სახლში თავისივე კონტეინერით უნდა მივიტანოთ, არ უნდა დავუწყოთ აქტიური ხეხვა, რეცხვა და ასე შემდეგ. სანამ უშუალოდ შეღებვის პროცედურებს არ დავიწყებთ, იქამდე თავისივე კონტეინერით იყოს. ხშირად მინახავს სამზარეულოს ნიჟარაში ჩაწყობილი კვერცხი, რაც შეცდომაა. ამ დროს ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მთლიანად ნიჟარა დავაბინძუროთ, სათანადო დეზინფექცია არ გავუკეთოთ და უკვე სხვა პროდუქტების, თეფშების მოთავსების შემთხვევაში აქედან ვრცელდება ბაქტერიები.
კვერცხის გასარეცხად ავიღოთ ერთი დიდი თასი. მას აქტიური რეცხვა არ სჭირდება. თუ ნელ-თბილ წყალში გავავლებთ და გავწმენდთ, ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება. კვერცხი ყოველთვის მაცივარში უნდა იყოს მოთავსებული. საერთოდ, ბნელ, გრილ ადგილას კვერცხის შენახვის ვადა 25 დღეა, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მას სასარგებლო თვისებები მით უფრო აკლდება. მისი გარსიც თხელდება, შესაბამისად უფრო მეტადაა იმის ალბათობა, რომ ბაქტერიები შიგნით გადავიდნენ. 7 დღემდე დადებული კვერცხი თავისი მახასიათებლებით სუკეთესოა.
შეღებვისთვის უკეთესია, თუ მუქი ფერის კვერცხს გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ უფრო კარგად იღებება. სოფლის კვერცხი სასარგებლო და უფრო მეტად გემრიელიცაა და ეს ფრინველის უფრო მრავალფეროვანი კვებითაა განპირობებული. ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ვხარშავთ, ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს სოფლის კვერცხს დაბინძურების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში დაზღვეულები ვართ.
გარდა ამისა, უმჯობესია, თუ შეღებვის წინ მაცივრიდან გამოვალაგებთ და ნახევარი საათი გავაჩერებთ, რომ არ დაგვისკდეს და ისე შევღებოთ. ჩემი დიდი რჩევა და თხოვნა იქნება, რომ ხელოვნური საღებავები არ გამოვიყენოთ. ენდრო ყველაზე მიღებული ფორმაა, მაგრამ აქაც მინდა ერთი რჩევა მოგცეთ. წინასწარ დაფქულ ენდროს ნუ შევიძენთ იმიტომ, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც იქ ხელოვნური საღებავებია შერეული. გარდა ამისა, შეღებილ კვერცხებს იმავე კვერცხის ყუთში ნუ ჩავაწყობთ.“,- ამბობს მარიამი.