როგორია 4-დღიანი სამუშაო კვირის ეფექტი - რა აჩვენა კვლევამ

მუშაობა

მაინც რა იცვლება ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაში, როცა სამსახურის საქმეს 1 დღით ნაკლებს ვუთმობთ? ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანზე 4-დღიანი სამუშაო კვირის გავლენა შეისწავლეს და მის ეფექტიანობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სტანდარტული 5-დღიანი სამუშაო კვირა რაიმე ბუნებრივ ციკლზე სულაც არაა მორგებული. ის ინდუსტრიული რევოლუციისას დამკვიდრდა და მეოცე საუკუნეში გამყარდა, მუშახელზე მოთხოვნის შესაბამისად და რელიგიური დღესასწაულების დასაბალანსებლად. თანამედროვე მსოფლიოში ეს უკვე დიდი ხნის დამკვიდრებული პრაქტიკაა, მაგრამ ბოლო წლებში კომპანიების ნაწილმა ამ საკითხის გადახედვა გადაწყვიტა.

ასეთ დაწესებულებებში ადამიანები სამსახურში საქმეს 4-დღიანი სამუშაო კვირის განმავლობაში ასრულებენ. ეს შეიძლება ერთი დამატებითი უქმე დღის სახით დაინერგოს ან ყოველი სამუშაო დღის საათები შემცირდეს.

ამის ეფექტის გასაანალიზებლად ბოსტონის კოლეჯის სოციოლოგებმა 6-თვიანი კვლევა ჩაატარეს. მასში მონაწილეობა 141 ორგანიზაციის 2896-მა თანამშრომელმა მიიღო. გეოგრაფიული არეალი ავსტრალიას, კანადას, ახალ ზელანდიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიასა და აშშ-ს მოიცავდა. ამ ადამიანების მონაცემები — სამსახურით კმაყოფილების, გადაწვის, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დონეები — სტანდარტული გრაფიკით მომუშავე 285 სხვა ადამიანისას შეადარეს.

დადგინდა, რომ პირველ ჯგუფში სამსახურებრივი გადაწვა შემსუბუქებული იყო. ასევე, მათში კმაყოფილება და მენტალური მდგომარეობა მეორე ჯგუფისას აღემატებოდა. სარგებელი დაფიქსირდა იმ პირებშიც, რომლებსაც სამუშაო დრო საათობრივად ჰქონდათ შემცირებული. ამ კატეგორიაში ძილის პრობლემები შემცირდა, გადაღლილობამ იკლო და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი გაუმჯობესდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილის ხელფასი იგივე დარჩა.

დროის შემცირება სულაც არ ნიშნავს, რომ თანამშრომლები უფრო ნაკლებ საქმეს აკეთებენ, ფუნქციებს სათანადოდ ვერ ასრულებენ ან ისეთი პროდუქტიულები აღარ არიან — პირიქით. ავტორები ამბობენ, რომ მუშაობის ხანგრძლივობა პროდუქტიულობასთან პირდაპირ კავშირში არაა, რადგან დასვენებულ მდგომარეობაში კონკრეტული საქმის გასაკეთებლად ნაკლები დროც კი გვჭირდება. შესაბამისად, ამით სარგებელს არამხოლოდ თანამშრომელი, არამედ კომპანიაც იღებს.