1753301989
პროკურატურამ ოქროს ნივთების ქურდობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.
„საქართველოს პროკურატურამ ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 1200 ლარად ღირებულ ოქროს ნივთს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული 22 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.