როგორ შევწვათ მწვადი სწორად

როგორ შევწვათ მწვადი

მწვადის შეწვის პროცესზე პირდაპირ არის დამოკიდებული მისი გემო. ამიტომ აუცილებელია არა მარტო ხორცის შერჩევა და დამარინადება, არამედ მწვადის შეწვის პროცესის მნიშვნელოვანი დეტალებიც იცოდეთ, ეს საშუალებას მოგცემთ თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები წვნიანი და ნაზი ხორცით გაანებივროთ. ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ შეწვათ მწვადი სწორად!

დასაწყისისთვის აღვნიშნოთ, რომ ტრადიციულად, მწვადს ცხვრის ხორცისგან ამზადებენ, თუმცა მისი სპეციფიური სუნის გამო ის ბევრს არ მოსწონს. ყველაზე პოპულარული ღორის ხორცის მწვადია, ამიტომ გეტყვით, რომ ღორის ხორცის მწვადისთვის – კისრის ხორცის შერჩევა აჯობებს.

რაც შეეხება შეწვის პროცესს, უპირველეს ყოვლისა ხორცი მაცივრიდან უნდა გამოიღოთ რათა ოთახის ტემპერატურამდე გათბეს. შესაბამისად, ხორცი მაცივრიდან შეწვამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა გამოიღოთ!

გირჩევთ შეწვამდე ხორცს ხახვი, სუნელები და მწვანილი მოაშოროთ (თუ დამარინადებული გქონდათ), რადგან ცეცხლზე ისინი დაიწვებიან და ხორცს მომწარო გემოს მისცემენ.

ხორცი მშრალი უნდა იყოს. თუ მას სველს დადებთ შესაწვავად – ხორცი წვის ნაცვლად მოთუშვას დაიწყებს, ეს კი მის გემოზე უარყოფითად იმოქმედებს. იდეალური იქნება, თუ ხორცს შეწვამდე ქაღალდის პირსახოცით გაამშრალებთ ან მაცივრიდან გამოღების შემდეგ მას პირდაპირ საწურზე დადებთ.

მნიშვნელოვანია შეშის სწორად შერჩევაც. წიწვოვანი მცენარეები არ გამოგადგებათ, რადგან წვისას ისინი ფისს გამოყოფენ. აჯობებს მუხის, არყის ხის ან ხილის ხეების ტოტები გამოიყენოთ. შეშა მშრალი და წვრილად დაჭრილი უნდა იყოს, რათა სწრაფად დაიწვას.

 

მწვადი მქრალ ნახშირზე უნდა შეწვათ. შეწვა მაშინ უნდა დაიწყოთ როდესაც ნახშირს თეთრი ნადები გაუჩნდება. წვის პროცესი დაახლოებით 15 – 25 წუთს საჭიროებს. ბევრია დამოკიდებული ნახშირზე, ხორცის ნაჭრების ზომაზე, შამფურსა და ნახშირს შორის არსებულ დაშორებაზე და წელიწადის დროზეც, რადგან ზაფხულში მწვადი უფრო სწრაფად იწვება ვიდრე ზამთარში.

შეწვის პროცესში, როდესაც ნახშირს ხორცის ცხიმი ეკიდება ის წვას იწყებს, ამ დროს ნახშირს წყლის დასხმის ნაცვლად – მარილი მოაყარეთ. ცეცხლი ნახშირს აქრობს და ტემპერატურას დაბლა წევს. შეგიძლიათ წვრილი ან მსხვილი მარილი გამოიყენოთ, მის ზომას და ტიპს მნიშვნელობა არ აქვს.